პაკისტანის ქალაქ ქვეტაში, მეჩეთში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, სხეულის დაზიანება 12-მა ადამიანმა მიიღო. დაშავებულთაგან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. აფეთქება მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს მოხდა, როდესაც შენობაში 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
ასაფეთქებელი მოწყობილობა იმამის ადგილის მახლობლად ამოქმედდა.
პაკისტანური „დუნია ნიუსი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა კარტოფილის ტომარაში იყო დამალული. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია.