პაკისტანში ინდუისტი ვეტერინარი ღვთის გმობაში დაადანაშაულეს
პაკისტანში ინდუისტი ვეტერინარი ღვთის გმობაში დაადანაშაულეს

პაკისტანში ინდუისტი ვეტერინარი ღვთის გმობაში დაადანაშაულეს. როგორც „ბიბისი“ იუწყება, ბრალდების თანახმად, ვეტერინარი სამედიცინო მედიკამენტებს იმ ქაღალდებში ახვევდა, რომლებზეც ისლამური რელიგიური ტექსტები იყო დაბეჭდილი.

ამის შესახებ ადგილობრივ მთავრობას მისმა ერთ-ერთმა კლიენტმა აცნობა, რომელმაც მედიკამენტის სახლში წაღების დროს ქაღალდზე ისლამური ტექსტი შენიშნა. როგორც მოგიანებით გაირკვა, ვეტერინარი სკოლის სახელმძღვანელოებს იყენებდა.

აღნიშნული ფაქტი პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სინდის პროვინციაში, ქალაქ მირპურ ხასთან ახლოს მოხდა. როგორც „ბიბისი“ იუწყება, ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ინდუისტი ვეტერინარის კლინიკას ცეცხლი წაუკიდა და ბოლომდე დაწვა. ქალაქში მცხოვრები დანარჩენი ინდუისტების მაღაზიები კი, გაძარცვეს.

„ბიბისის“ ცნობით, ვეტერინარმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ მედიკამენტების შესახვევად ისლამური ტექსტების გამოყენება შეცდომა იყო. თუ ინდუისტ ვეტერინარს სასამართლო დამნაშავედ ცნობს, კანონის თანახმად, შესაძლოა, მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.

ბოლო ათწლეულში პაკისტანში ღვთის გმობისთვის ასობით ადამიანი გაასამართლეს. საქმეების ნაწილმა საერთაშორისო ინტერესი გამოიწვია. მათ შორის უკანასკნელი იყო ქრისტიანი ასია ბიბის საქმე, რომლის წინააღმდეგაც ღვთის გმობის ბრალდებით სასიკვდილო განაჩენი იყო გამოტანილი, თუმცა მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. ამან ქვეყანაში მუსლიმების გარკვეული ნაწილის მკვეთრი უკმაყოფილება და დემონსტრაციები გამოიწვია. ამჟამად ასია ბიბი კანადას აფარებს თავს.