პაკისტანში დიდთოვლობისა და ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა
პაკისტანში დიდთოვლობისა და ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის 22 ბავშვია. ბევრი მათგანი მეწყრის შედეგად დაიღუპა.
სტიქიამ პაკისტანის ჩრდილოეთი და დასავლეთი რეგიონები დააზარალა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია ასობით საცხოვრებელი სახლი, ჩახერგილია გზები.
მარტში თოვლი პაკისტანში საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა. ქვეყნის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი მუშტაქ ალი შაჰი ამ სეზონისთვის უჩვეულო მეტეოროლოგიურ პირობებს კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებს.
ბელუჯისტანისა და ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციებში ძლიერი წვიმის შედეგად მთლიანად დანგრეულია 150-ზე მეტი სახლი. ზოგიერთ რაიონში მოსახლეობა, უკვე რამდენიმე დღეა, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.