პაკისტანმა „ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანში“ გაწევრიანების პროცესი დაიწყო
პაკისტანმა „ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანში“ გაწევრიანების პროცესი დაიწყო. დიპლომატიური წყაროების თანახმად, პროექტში მონაწილეობისთვის პაკისტანი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიიწვია.
გავრცელებული ცნობით, პაკისტანმა წარმატებით განახორციელა ერთი მილიონი ტონა რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი, ხოლო მსჯელობა მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობაზე პაკისტანსა და რუსეთის ფედერაციას შორის.
პაკისტანი განიხილავს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის გამოყენებას ქვეყანაში რუსეთის ხე-ტყის იმპორტისთვის.
ცნობისთვის, საერთაშორისო „ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი“ არის 7 200 კმ სიგრძის მრავალრეჟიმიანი საჰაერო, სარკინიგზო და საავტომობილო გზების ქსელი, რომელიც აკავშირებს ირანს, ინდოეთს, აზერბაიჯანს, რუსეთს და ახლა უკვე პაკისტანს. 2 000 წელს ინდოეთის, ირანისა და რუსეთის მიერ შექმნილი დერეფანი მიზნად ისახავს აზიასა და ევროპას შორის ტვირთების ტრანსპორტირების ხარჯებისა და დროის შემცირებას.