პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნავაზ შარიფს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნავაზ შარიფს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლომ ის დამნაშავედ კორუფციაში ცნო. პაკისტანის სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ყოფილი პრემიერის შვილი მარიამ შარიფი, რომელსაც წარსულში ნავაზ შარიფის მემკვიდრედ განიხილავდნენ. მარიამ შარიფს შვიდწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ამჟამად ნავაზ და მარიამ შარიფები ლონდონში იმყოფებიან.
საქმე ეხება ნავაზ შარიფის ოჯახის მიერ მისი პრემიერობის დროს საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენას. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ლონდონში ოჯახს ქონებას ჩამოართმევს.
აღანიშნავია, რომ გასულ წელს გამოქვეყნებულ ე.წ. პანამურ დოკუმენტებში, რომლებიც ოფშორულ ანგარიშებს ეხებოდა, ნავაზ შარიფის სამი შვილის სახელი ფიგურირებს.
ნავაზ შარიფი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას სამი ვადით იკავებდა. მან გადადგომის შესახებ 2017 წლის ივლისში კორუფციული სკანდალის ფონზე განაცხადა.