პაკისტანის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი კოალიციური მთავრობისთვის მოსალაპარაკებლად მზად არის
პაკისტანის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის „მოძრაობა სამართლიანობისთვის“ ლიდერი იმრან ხანი კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკების დასაწყებად მზად არის. პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ 272-მანდატიანი პარლამენტიდან მხოლოდ 116 ადგილის მიღება შეძლო. უმრავლესობის ფორმირებისთვის კი, 137 მანდატის მოპოვება იყო საჭირო. მეორე ადგილზე ფრაქცია „პაკისტანის მუსლიმური ლიგა“ გავიდა 64 მანდატით. მესამეზე კი, სახალხო პარტია მოხვდა 43 ადგილით.
„მოძრაობა სამართლიანობისთვის“ ლიდერი, იმრან ხანი ყოფილი სპორტსმენია. ის პაკისტანის კრიკეტის გუნდის ყოფილი კაპიტანია და ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი გახდება. იმრან ხანი ფიცს 14 აგვისტოს, პაკისტანის დამოუკიდებლობის დღეს დადებს. გამარჯვების შემდეგ ამომრჩევლებთან მიმართვაში იმრან ხანმა საგარეო პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება და რეგიონული კუთხით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, მათ შორის ავღანეთში ვითარების დასტაბილურების აუცილებლობას, ინდოეთთან დიალოგის აღდგენას და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას ჩინეთთან.