პაკისტანის სახელმწიფო მდივანი - ნუ მოგვთხოვთ არჩევანის გაკეთებას აშშ-სა და ჩინეთს შორის
პაკისტანის სახელმწიფო მდივანი - ნუ მოგვთხოვთ არჩევანის გაკეთებას აშშ-სა და ჩინეთს შორის

ნუ მოგვთხოვთ არჩევანის გაკეთებას აშშ-სა და ჩინეთს შორის, – ამის შესახებ პაკისტანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჰინა რაბანი ხარიმ გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ორი დაპირისპირებული გლობალურ ძალათა ბლოკის ჩამოყალიბება საფრთხის შემცველია.

„ჩვენ ძალზედ გვემუქრება ორ ბლოკად დაყოფილი სამყაროს იდეა. ჩვენ შეშფოთებული ვართ ასეთი დაყოფით“,  – განაცხადა ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა პაკისტანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, პაკისტანს აშშ-თან თანამშრომლობის ისტორია აქვს, რაზეც უარის თქმას არ აპირებს, თუმცა, ამავე დროს, ისლამაბადი თანამშომლობს ჩინეთთანაც.

ამასთან, როგორც „პოლიტიკო“ წერს, აზიაში სტრატეგიული გავლენის მოპოვებისთვის შეჯიბრში ბირთვული იარაღის მფლობელი პაკისტანის პოზიცია დიდ მნიშვნელობას იძენს.

„მაშინ, როცა პაკისტანის ძველი, ცივი ომის დროინდელი პარტნიორი ვაშინგტონი სულ უფრო მეტად არის ფოკუსირებული ისლამაბადის მთავარ მტერთან, ინდოეთთან თანამშრომლობაზე, ჩინეთი ცდილობს, გავლენა გააფართოოს პაკისტანში, კერძოდ, გიგანტური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გზით“, – წერს „პოლიტიკო“.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ვაშინგტონი ასევე რჩება პაკისტანის მნიშვნელოვან სამხედრო პარტნიორად და ამის მაგალითად დასახელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შარშანდელი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ისლამაბადისთვის 450 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას. ამასთან, „პოლიტიკოს“ ცნობით, პაკისტანთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოების პირობა დადო პეკინმაც, რომელიც სამხედრო გემებს აწვდის ისლამაბადს.

„ჩინეთი ასევე აშენებს გზებს, რკინიგზას, საავადმყოფოებსა და ენერგეტიკულ ქსელებს პაკისტანში. ჩინურმა ინვესტიციებმა პაკისტანის ეკონომიკური განვითარება გააძლიერა, მაგრამ კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ამას აქვს უარყოფითი მხარეც, რადგან ისლამაბადი პეკინზე ფინანსურად დამოკიდებული ხდება“, – წერს „პოლიტიკო“.