პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი შაჰ მაჰმუდ ქურეში ოფიციალური ვიზიტით ქაბულში ჩავიდა
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი შაჰ მაჰმუდ ქურეში ოფიციალური ვიზიტით ქაბულში ჩავიდა

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი შაჰ მაჰმუდ ქურეში ოფიციალური ვიზიტით ქაბულში ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია „თალიბების“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ.

როგორც „თალიბების“ მთავრობის წევრებთან მოლაპარაკებების შემდეგ ავღანეთის პრეზიდენტის სასახლესთან საუბრისას პაკისტანელმა დიპლომატმა განაცხადა, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა და ვაჭრობა. ქურეშის თქმით, „თალიბანის“ დელეგაცია უახლოეს დღეებში ისლამაბადში ჩავა ვიზიტით.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ორ კვირაზე მეტია, დაკეტილია ავრანეტსა და პაკისტანს შორის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო სატრანზიტო პუნქტი, რაც სატვირთო მანქანებსა და ექსპორტიორებს პრობლემებს უქმნის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზებმა“, რომელიც ერთადერთი საერთაშორისო ავიაკომპანიაა, რომელიც ქაბულში რეგულარულ რეისებს ახორციელებდა, გასულ კვირას ავღანეთში ფრენა შეაჩერა. მიზეზად ავიაკომპანიამ „თალიბანის“ წარმომადგენლების მიერ მისი თანამშრომლობის მუშაობაში ჩარევა და მათი შევიწროება დაასახელა.