პაკისტანის ქალაქებში „შარლი ებდოს“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა
პაკისტანის ქალაქებში ფრანგული სატირული ჟურნალის „შარლი ებდოს“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა.
დემონსტრანტები ჟურნალის რედაქციის მიერ წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურების ხელახლა დაბეჭდვას აპროტესტებენ.
მიმდინარე კვირას „შარლი ებდომ“ ხელახლა დაბეჭდა კარიკატურები, რითაც 2015 წელს პარიზში ჟურნალის ოფისზე ისლამისტების მიერ განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესის დაწყება აღნიშნა.
2015 წლის იანვარში ჟურნალის რედაქციაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და 12 ადამიანი მოკლეს. თავდასხმის მოტივი მუსლიმების წმინდანის, წინასწარმეტყველი მუჰამედის შეუარცხმყოფელი კარიკატურების გამოქვეყნება გახდა.
პაკისტანში „შარლი ებდოს“ წინააღმდეგ გამართული დემონსტრაცია ორგანიზებული იყო რადიკალური ისლამისტური პარტიის „ტეჰრეკ-ე-ლაიბაკ პაკისტანის“ მიერ. საპროტესტო გამოსვლები გაიმართა კარაჩიში, პეშავარში, ლაჰორში და სხვა ქალაქებში.
პაკისტანში ანალოგიური დემონსტრაციები 2015 წელს არეულობაში გადაიზარდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მაშინ დემონსტრანტებმა კარაჩიში საფრანგეთის საკონსულოში შეჭრა სცადეს.