პაკისტანის ქალაქ ფეშავარში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა
პაკისტანის ქალაქ ფეშავარში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა, 150-ზე მეტი პირი დაშავებულია. პაკისტანის სპეცსამსახურების ინფორმაციით, მეჩეთში, ლოცვის დროს, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი.
ქალაქში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ეს პაკისტანში ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა.
შემთხვევის დროს მეჩეთში 300-დან 400-მდე სამართალდამცველი იმყოფებოდა, რადგან ქალაქის იმ რაიონში, სადაც მეჩეთი მდებარეობს, პოლიციის ოფისი, ასევე სადაზვერვო და კონტრტერორისტული ბიუროებია განთავსებული.
როგორც პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, ტერორისტებს სურთ, დათესონ შიში მათზე თავდასხმით, ვინც პაკისტანის დაცვის მოვალეობას ასრულებს.
მოძრაობა „თალიბანმა“ ფეშავარში თავდასხმასთან კავშირი უარყო.