პაკისტანის ხელისუფლებამ ისლამისტი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება შეწყვიტა
პაკისტანის მთავრობამ და სამხედროებმა ისლამისტი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებსაც ისლამაბადში ავტომაგისტრალი აქვთ ბლოკირებული, ძალის გამოყენება შეწყვიტეს.
ხელისუფლებამ საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევაში ჯარის ჩართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიცია ქუჩაში გამოსული მოსახლეობის წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა. თუმცა, კვირა საღამოს ქვეყნის პრემიერმა და არმიის ლიდერმა ისლამისტ დემონსტრანტებთან დაპირისპირების მოსაგვარებლად მოლაპარაკებების განახლების შესახებ განაცხადეს.
პაკისტანში საპროტესტო ტალღა უკვე რამდენიმე კვირაა არ ცხრება. აქციები, ისლამაბადის გარდა, ყარაჩიში, ლაჰორში, ქვეთესა და სხვა დიდ ქალაქებშიც მიმდინარეობს.
შეტაკებების შედეგად, სულ მცირე ექვსი ადამიანია დაღუპული, 200-ზე მეტი კი დაშავდა.
შაბათს, მთავრობის გადაწყვეტილებით, დახურეს კერძო საინფორმაციო არხები და დაბლოკეს სოციალური ქსელები, მათ შორის, Facebook-ი, Twitter-ი და Instagram-ი.
აქციის მონაწილეები ხელისუფლების მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას აპროტესტებენ. ხელისუფლებამ დემონსტრანტებს ბლოკირებული ქუჩების გასათავისუფლებლად ვადა შაბათს დილამდე მისცა, რის შემდეგაც სამართალდამცველები ტერიტორიის გაწმენდას ძალის გამოყენებით შეუდგნენ.