პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციაში თავდასხმების შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი მოკლეს
პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციაში თავდასხმების სერიის შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. „როიტერის“ ცნობით, სეპარატისტმა მებრძოლებმა თავდასხმები პოლიციის განყოფილებებზე, რკინიგზის ხაზებსა და ავტომაგისტრალებზე განახორციელეს. უსაფრთხოების ძალებმა საპასუხო ოპერაცია დაიწყეს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი მოჰსინ ნაქვი აცხადებს, რომ ეს თავდასხმები წარმოადგენს კარგად გააზრებულ გეგმას, რომლის მიზანია პაკისტანში ანარქიის შექმნა.
პაკისტანის შეიარაღებული ძალების ცნობით, შეტაკებებისას მოკლულია 14 სამხედრო და პოლიციელი, ასევე 21 მებრძოლი. ბელუჯისტანის ხელისუფლების განცხადებით, მოკლულია 38 სამოქალაქო პირი. მათგან 23 ავტომაგისტრალებზე მოკლეს. დამწვარია, სულ მცირე, 35 სატრანსპორტო საშუალება.
„ადამიანები ჩამოიყვანეს ავტობუსებიდან და თავიანთი ოჯახების თვალწინ დახოცეს“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ბელიჯისტანის მთავარმა მინისტრმა, შარფრაზ ბუგთიმ.
ამასთან, თავდამსხმელებმა ააფეთქეს სარკინიგზო ხიდი, რომელიც პროვინციის დედაქალაქ კვეტას ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან აკავშირებს. თავდასხმის სამიზნე ასევე მეზობელ ირანთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი გახდა.
თავდასხმების სერიაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ბელუჯის გამათავისუფლებელმა არმიამ“ აიღო. ეს არის ბელუჯისტანის პროვინციაში მოქმედ ეთნიკურ მეამბოხეთა რამდენიმე ჯგუფს შორის უმსხვილესი, რომელიც ცენტრალური მთავრობის წინააღმდეგ იბრძვის. დაჯგუფება აცხადებს, რომ ხელისუფლება უსამართლოდ ანაწილებს გაზსა და მინერალურ რესურსებს, რომლებიც ბუნებრივი რესურსებით მდიდარ პროვინცია ბელუჯისტანში მოიპოვება, სადაც ჩინეთი ისეთ მსხვილ საწარმოებს მართავს, როგორებიცაა პორტი და ოქროსა და სპილენძის მაღაროები. „ბელუჯის გამათავისუფლებელი არმია“ პროვინციის დამოუკიდებლობას და რეგიონიდან ჩინეთის გაძევებას ითხოვს.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა საპასუხო ზომებისა და დამნაშავეების დასჯის პირობა დადო.