პაატა ზაქარეიშვილი - რატომღაც, არსებობს განცდა, რომ ევროსასამართლო ყველაფერში მხოლოდ რუსეთს დაადანაშაულებს, მაგრამ ასე არ იქნება
პაატა ზაქარეიშვილი - რატომღაც, არსებობს განცდა, რომ ევროსასამართლო ყველაფერში მხოლოდ რუსეთს დაადანაშაულებს, მაგრამ ასე არ იქნება

რატომღაც, არსებობს განცდა, რომ ევროსასამართლო ყველაფერში მხოლოდ რუსეთს დაადანაშაულებს და იტყვის, რუსები ცუდები არიან, ქართველები კი კარგები, მაგრამ ეს ასე არ იქნება, – ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პროფესორმა პაატა ზაქარეიშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„იქ შემხვედრი სარჩელებიც იყო შეტანილი. რუსეთის ინიციატივით, საქართველოს მოქალაქე ეთნიკურმა ოსებმა სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ შეიტანეს. ასე რომ, ისინიც ამ მიმართულებით მუშაობენ. ჩემი აზრით, პასუხისმგებლობის 80% რუსეთს დაეკისრება, სადღაც 15%-ს საქართველოზე გაანაწილებენ, 5%-ს კი, ცხინვალის რეგიონზე“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, გარისკავს თუ არა ევროსასამართლო იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ის ევროსაბჭოს ნაწილია, 57%-ით მსხვილი წევრი სახელმწიფოებისგან ფინანსდება და მათ შორის, რუსეთიც ერთ-ერთი დიდი დამფინანსებელია, რუსეთი კი ევროსაბჭოს დატოვებით იმუქრება და სასამართლოს ამით აშანტაჟებს, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ისინი ევროპულ ღირებულებებს ფულზე არ გაცვლიან.

„მე მგონი, ევროპელები სასამართლო რომ არ იყოს, ამაზე უფრო წავლენ, ვიდრე იმაზე, რომ უსამართლო სასამართლო დაიტოვონ. დარწმუნებული ვარ, სასამართლოც დარჩება და ღირსეული სასამართლოც იქნება. ანუ, გამოსავალი ევროპული ღირებულებების, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების სასარგებლოდ იქნება მოძიებული“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.