პაატა მანჯგალაძე - ზურაბ ჯაფარიძემ შეწყვიტა ფიქრი ოპოზიციურ გაერთიანებაზე, მაგრამ „სტრატეგია აღმაშენებელს“ არ შეუწყვეტია
ზურაბ ჯაფარიძემ შეწყვიტა ფიქრი ოპოზიციურ გაერთიანებაზე, მაგრამ „სტრატეგია აღმაშენებელს“ არ შეუწყვეტია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, გაერთიანებაში მოიაზრებიან ადამიანები, რომლებისთვისაც ძვირფასია ევროპული არჩევანი და ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ დაუყონებლივ უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას.
პაატა მანჯგალაძემ კომენტარი გააკეთა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ, დღევანდელი მოცემულობით, დიდი გაერთიანების შექმნის წინაპირობები არ ჩანს და ოპოზიციური გაერთიანების შექმნას მომავალ წელს დაუბრუნდებიან.
„ზურა ჯაფარიძემ შეწყვიტა ფიქრი, მაგრამ „სტრატეგია აღმაშენებელს“ არ შეუწყვეტია, რომ, ამ სამეულის გარდა, კიდევ მოვიზიდოთ ბევრი ადამიანი, ბევრი თანამებრძოლი იყოს ამ პროცესში. ზურა ასე ფიქრობს მთელი რიგი მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ შევძლებთ, შევქმანთ ცენტრი, რომელიც იქნება ხელისუფლების რეალური ალტერნატივა.
ძალიან მომწონს ის ადამიანები, რომელებთან ერთადაც დავიწყეთ თემატური თანამშრომლობა, მაგალითად, დავაანონსეთ 24 თებერვლის აქცია, ზეპარტიული აქცია, უკრაინის სოლიდარობის, ევროპული კურსის მხარდაჭერის, ჩვენი გმირი ბიჭების გამხნევების აქცია. აქ ვინც იყვნენ წარმოდგენილნი, ასამდე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანია, ასე ვერ დავაკონკრეტებ, შეიძლება, ვინმე გამომრჩეს, მაგრამ ამ ადამიანებს და ასეთ კარგ ადამიანებს მოვიაზრებთ პროცესში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.