პაატა მანჯგალაძე - ყველას პოზიციას ვიწონებთ, ვინც ერთიანობისკენ დგამს ნაბიჯს, გასაგებია გახარიას პოზიცია, რომ „ლელო“ დგას მათთან ახლოს, ეს მისი არჩევანია
ხალხის დაკვეთაა, რომ რამდენიმე ძლიერი ცენტრი ჩამოყალიბდეს, ვისაც ვისთან შეუძლია, იმასთან დაჯგუფდეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
პაატა მანჯგალაძეს კითხვა დაუსვეს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მათთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური ძალა „ლელოა“.
„ამ წუთას ვერ ვხედავთ იმას, რომ ოპოზიციის შიგნით კრიტიკა არის მთავარი. ვინც ერთიანობისკენ დგამს ნაბიჯს, ვინც რისკებს აზღვევს, რომ მავნე რეჟიმის პირობებში ბარიერს მიღმა არ დარჩეს, ყველას პოზიციას ვიწონებთ. გასაგებია გახარიას პოზიცია, რომ „ლელო“ დგას მათთან ახლოს, მისი არჩევანია. ახლა მთავარია, „ლელომაც“ დააფიქსიროს იგივე პოზიცია, რომ გახარია არის ახლოს. ასე თუ იქნება, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა შედგება და ეს ნამდვილად არ იქნება ცუდი. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ვინ ვისთან დაჯგუფდება. ეს არის ხალხის დაკვეთა. ჩვენ ვისთანაც ჩავთვალეთ, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და არის ახლოს და ვაგრძელებთ თანამშრომლობას. ზუსტად ვიცით, რომ ჩვენ ამ არჩევნებზე საუკეთესო შედეგი გვექნება. ხალხის დაკვეთაა, რომ რამდენიმე ძლიერი ცენტრი ჩამოყალიბდეს, ვისაც ვისთანაც შეუძლია, დაჯგუფდეს. პოლიტიკა არ არის მუდმივი მოცემულობა. იცით ცნობილი გამოთქმა, არც მუდმივი მტრები არსებობენ, არც მუდმივი მეგობრები და არც მუდმივი მოცემულობები. რაც მიუღებელი იყო გუშინ, შეიძლება მისაღები გახდეს დღეს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება ერთიან სიასთან დაკავშირებით კითხვას, საკითხის კომენტირებისას მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ ერთიან სიას მხარს უჭერს.
„ჩვენ ვრჩებით ერთიანი სიის მხარდამჭერებად, ამაზე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა. არა იმიტომ, რომ ჩვენ რაიმე პრობლემა გვაქვს. პირიქით, ჩვენ გვექნება საუკეთესო შედეგი, ერთიან სიას ვთავაზობთ ხალხს, რათა ბარიერს მიღმა არ დარჩეს ვინმე და ეს პლატფორმა იყოს გამოყენებული. ჩვენ სისუსტეს ვხედავთ სხვაგან და გვინდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ სისუსტით არ ისარგებლოს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.