პაატა მანჯგალაძე - ყველამ ერთად ვანახოთ ჩვენი ძალა ხელისუფლებას, ასევე მოძალადე ჯგუფებს, უნდა დაისაჯონ ადამიანები, რომლებიც სიძულვილის სახელით ძალადობდნენ
პაატა მანჯგალაძე - ყველამ ერთად ვანახოთ ჩვენი ძალა ხელისუფლებას, ასევე მოძალადე ჯგუფებს, უნდა დაისაჯონ ადამიანები, რომლებიც სიძულვილის სახელით ძალადობდნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, 5 ივლისს მოძალადე ჯგუფები წახალისებული იყვნენ ხელისუფლების მიერ და კონკრეტულმა თანამდებობის პირებმა ამ ყველაფერზე პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადონ.

პაატა მანჯგალაძე ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც სიძულვილის სახელით ძალადობდა ადამიანებზე.

„რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ფაქტია გარდაცვალება ჟურნალისტის, რომელიც ნაცემი იქნა მოძალდე ჯგუფების მიერ. აქ სიტყვები უძლურია, საჭიროა პირდაპირ ქმედება და ქმედება ნიშნავს იმას, რომ ყველამ ერთად ვანახოთ ჩვენი ძალა ხელისუფლებას, ასევე ამ მოძალადე ჯგუფებს. ეს ჯგუფები დამოუკიდებლად არ მოქმედებდნენ, ისინი იყვნენ წახალისებული და ორგანიზებული ხელისუფლების მიერ და ამ ყველაფერზე პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადონ კონკრეტულმა თანამდებობის პირებმა. რომ არა ის შემთხვევა, დღეს ეს ადამიანი იქნებოდა ცოცხალი, ცალსახად და პირდაპირ შემიძლია ვთქვა.

მოქმედება ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში დასჯილი იყოს ყველა ადამიანი, რომელიც სიძულვილის სახელით ძალადობდა ადამიანებზე, მათ შორის ორგანიზატორები. ასევე, გამოვლინდნენ ის თანამდებობების პირები, რომელმაც არ შეასრულეს თავისი უფლებამოსილება და არ დაიცვეს წესრიგი, ვერ უზრუნველყვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება.

რაც შეეხება ქმედებებს, ქმედება არის ის, რომ ჩვენი ძალა ვაჩვენოთ, გამოვიდეთ აქციაზე დღეს, ექვს საათზე, ასევე აქციაზე ცხრის ნახევარზე კანცელარიასთან, რათა ხელისუფლებამ და იმ მოძალადე ჯგუფებმა ნახონ, რომ ისინი არ არიან საქართველო, საქართველო ჩვენ ვართ. საღად მოაზროვნე, ჯანსაღი ადამიანი ბევრად მეტია, ვიდრე ის რაღაცა ერთი მუჭა ბრბო, რომელიც დუჟმორეული დარბოდა ქალაქის ქუჩებში“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.