პაატა მანჯგალაძე - ყოველდღიური რეაგირების რეჟიმში ვართ და ყველას რაც შეუძლია, ის გააკეთოს სხვისი კრიტიკის გარეშე
პაატა მანჯგალაძე - ყოველდღიური რეაგირების რეჟიმში ვართ და ყველას რაც შეუძლია, ის გააკეთოს სხვისი კრიტიკის გარეშე

ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა ელოდება კანდიდატის სტატუსს, როცა ყველაფერს აკეთებს რუსული რეჟიმი, რომ მაქსიმალურად გაანადგუროს ოპოზიციური აზრი, ოპოზიციის შიგნით მტრის ძიება, კინკლაობა, ქალებს ვერ იცავთ, არ არის სწორი. ჩვენ სხდომათა დარბაზში არ ვიყავით მარტო იმის გამო, რომ გარდაბნის საკრებულოს წევრს თავს დაესხნენ, ვიყავით რუსთავში, საავადმყოფოში და მოვინახულეთ დაზარალებული, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ყოველდღიური რეაგირების რეჟიმშია და ყველას რაც შეუძლია, ის სხვისი კრიტიკის გარეშე უნდა გააკეთოს.

„ათასჯერ ერთსა და იმავეზე საუბარი მეზარება. ხომ დატოვა თვითონ პარლამენტი და ხომ არის კმაყოფილი. როცა საჭირო იქნება და ჩავთვლით, რომ ეს არის საჭირო და ბოლო ზღვარია, ამასაც გავაკეთებთ. კანდიდატის სტატუსს ველოდებით და საბოტაჟი გამოვუცხადოთ ყველაფერს, პარლამენტიდან წავიდეთ, რამდენად სწორია, არ ვიცი. თუ სწორი გადაწყვეტილება მიღებული იქნება, მანდატს არავინ არ გამოეკიდება, მაგრამ ამ ეტაპზე პროპაგანდისთვის, „ქართული ოცნებისთვის“ და რუსული რეჟიმისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი შეიძლება ახლა პარლამენტში ოპოზიციური აზრის გაქრობა იყოს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „კითხვა მაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, განსაკუთრებით მამაკაც დეპუტატებთან, როდესაც ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აყენებენ ენით აღუწერელ შეურაცხყოფას, რა ვალდებულება გაჩერებთ მანდ?“