პაატა მანჯგალაძე - ვრჩებით მოლაპარაკებების მომხრეებად, მაგრამ თუ ხელისუფლება ფიქრობს, არ შეგვიწყვეტს უფლებამოსილებას და სხვა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ასეთი რამ ბუნებაში არ მოხდება
„ქართულ ოცნებას“ აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, თუ გაგვიუქმებენ მანდატებს, ამით უფრო ლეგიტიმური ვერ გახდება „ქართული ოცნება“, პირიქით, უფრო არალეგიტიმური იქნება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი და ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება არის ვადამდელი არჩევნები.
„თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ არის მზად კომპრომისისთვის, ჩვენ მანდატებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს. რა თქმა უნდა, ვრჩებით მოლაპარაკებების მომხრეებად, მაგრამ თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ არ შეგვიწყვეტს უფლებამოსილებას და ამით ჩვენ სხვა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ასეთი რამ არ მოხდება ბუნებაში, რადგან არჩევნები არის გაყალბებული და ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი. ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება არის ვადამდელი არჩევნები. როგორც კი ჩვენ შევთანხმდებით ვადამდელი არჩევნების მექანიზმზე, „სტრატეგია აღმაშენებელი“ დაიწყებს ფიქრს პარლამენტში მუშაობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, თუ კომპრომისი არ იქნება მიღწეული, ოპოზიციას ქუჩის აქციების გამართვა მოუწევს.
„თუ ხელისუფლება არ წამოვა გონივრულ კომპრომისებზე, ვინც არ თმობს ცოტას, მერე დათმობს ყველაფერს ერთიანად. „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ყველაფრის ერთიანად დათმობა. თუ კომპრომისი არ იქნება, ჩვენ მოგვიწევს კონსტიტუციით დადგენილ ჩარჩოში მოქმედებების დაგეგმვა, რაც გულისხმობს ქუჩის აქციებს, მოქალაქეებთან კომუნიკაციას და ჩვენი სამოქმედო გეგმის გაცნობას საზოგადოებისთვის. იმიტომ, რომ როცა პარლამენტში ვერ შედიხარ და არ გიშვებენ, ერთადერთი გზა გვრჩება – ქუჩა. ქუჩა სულაც არ არის სალანძღავი სიტყვა. როცა ქვეყანაში არ არსებობს პარლამენტი, არ არსებობს სასამართლო, არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ხალხის ნებას გამოხატავს, ერთადერთი საშუალება არის ქუჩა. „ქართულ ოცნებას“ აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა და თუ გაგვიუქმებენ მანდატებს, ამით უფრო ლეგიტიმური ვერ გახდება „ქართული ოცნება“, პირიქით, უფრო არალეგიტიმური იქნება“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.