პაატა მანჯგალაძე - ვმუშაობთ, რომ ქუჩაში იყოს პროტესტი და ეს პროტესტი პარლამენტის დატოვებამ უნდა გააძლიეროს, სხვა შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“  პარლამენტში ნაკლები მოკრიტიკე ეყოლება
პაატა მანჯგალაძე - ვმუშაობთ, რომ ქუჩაში იყოს პროტესტი და ეს პროტესტი პარლამენტის დატოვებამ უნდა გააძლიეროს, სხვა შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ნაკლები მოკრიტიკე ეყოლება

ვმუშაობთ, რომ ქუჩაში იყოს პროტესტი და ეს პროტესტი პარლამენტის დატოვებამ უნდა გააძლიეროს. სხვა შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ნაკლები მოკრიტიკე ეყოლება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის იმ განცხადების შესახებ დაუსვეს კითხვა, სადაც ხაბეიშვილი აღნიშნავს: „მიხეილ სააკაშვილს თუ გაუშვებენ, მე და „ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, ამის სანაცვლოდ დავტოვოთ საკრებულო, პარლამენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა დავიწყოთ მინუსებიდან“.

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ხაბეიშვილს არავისზე ნაკლები ლეგიტიმაცია არ აქვს.

„ეს უნდა იყოს სამოქმედო გეგმის ნაწილი და უნდა ემსახურებოდეს არა კომფორტის ან ერთდღიანი ნიუსის შექმნას, არამედ სერიოზული დისკომფორტისა და სახელისუფლებო კრიზისის შექმნას. ჩვენ ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ ქუჩაში იყოს პროტესტი და ეს პროტესტი პარლამენტის დატოვებამ უნდა გააძლიეროს. სხვა შემთხვევაში, თუ პარლამენტში „ქართული ოცნება“ დავტოვეთ მარტო და ქუჩაში არ იქნება ხალხი, პირიქით, ეს გაუხარდებათ და ნაკლები მოკრიტიკე ეყოლებათ პარლამენტში. თუ ვინმეს აქვს ლეგიტიმაცია, არც ხაბეიშვილის ლეგიტიმაცია არ არის არავისზე ნაკლები. გაკვირვებული ვიყავი – ადამიანი ექვსი საათის არჩეული იყო და ამბობდნენ, წავიდეს, გამოიხსნას სააკაშვილიო, ასე არ ხდება. რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებას ვხედავ, მაგრამ ეს ბუნებრივია, რადგან ტრამპის „რესპუბლიკურ პარტიაშიც“ არის დაპირისპირება, თუმცა ამის გამო ამერიკა არ ინგრევა. ეს ჩვეულებრივი ამბავია – ყველგან დემოკრატიაში არსებობენ გუნდები და სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანების გაერთიანება, ეს რა პრობლემაა? ჩვენს პარტიაშიც არის გუნდები და ამ გუნდების ერთობლიობაა „სტრატეგია აღმაშენებელი“. ახლა ხელისუფლებას სურს, ქვეყანა რომ კანდიდატის სტატუსს კარგავს, ინფლაცია მაღალია და ხალხი ქვეყნიდან გარბის, აქედან ყურადღება გადავიტანოთ და ვისაუბროთ იმაზე, რატომ თქვა სააკაშვილმა რაღაც და რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ჭიქაში ქარიშხალის მოწყობის მცდელობას არ ავყვები, პირველხარისხოვანია, ხელისუფლებას პასუხი მოვთხოვოთ, რატომ არ აქვს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.