პაატა მანჯგალაძე - ვფიქრობ, რომ ნიკა მელია პოლიტპატიმარი იყო და ბევრი იბრძოლა რეჟიმის მხილებისთვის
დაცვის მხარე არ ვყოფილვარ და საქმეს ისე არ ვიცნობ, რომ რაიმე მქონდეს, სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო და „ქოცი“ არ ვარ, რომ გადაწყვეტილება არ მომეწონა და ვთქვა, სტრასბურგის სასამართლო გლობალური ძალების გავლენის ქვეშაა, დაცვის მხარეს ველოდები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელია პოლიტპატიმარი იყო და ბევრი იბრძოლა რეჟიმის მხილებისთვის.
„რასაც იტყვის, ის იქნება არგუმენტი. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჩამოვიდა და მელიას ლამის გირაო გადაუხადა. პოზიცია არ შემიცვლია და პოზიციას ქარი საითაც უბერავს, ისე არ ვიცვლი და ვფიქრობ, რომ პოლიტპატიმარი იყო და ბევრი იბრძოლა რეჟიმის მხილებისთვის. ვინაიდან სარჩელი მაშინ შეიტანეს, როცა ნიკა მელია ჯერ კიდევ პატიმრობაში იყო, ალბათ დაცვის მხარეს პროცესის ბოლომდე მიყვანის ინტერესი არ ჰქონდა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ნიკა მელიას დაკავების საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.