პაატა მანჯგალაძე - ვერანაირი დეოლიგარქიზაცია ვერ მოხდება, ვიდრე „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში არიან
ვერანაირი დეოლიგარქიზაცია ვერ მოხდება, ვიდრე „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში არიან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოლიგარქია ქვეყანაში რეალურად არსებობს და ამ კანონს ოპოზიციის საწინააღმდეგოდ იღებენ.
„ეს არის ცრუ მოლოდინის გაჩენა, თითქოს შესაძლებელია, ოლიგარქიის პირობებში ისეთი კანონი მიიღო, რაც გამორიცხავს დეოლიგარქიზაციას. არანაირი სისტემურობა და პრევენცია „ქართული ოცნების“ ვერსიაში არ არის. პარტნიორების პოზიცია იყო, რომ ძალაუფლების წყარო იყოს ხალხი და არა – ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი, ეს ასე არ ხდება. ოლიგარქია ქვეყანაში რეალურად არსებობს და ამ კანონს ოპოზიციის საწინააღმდეგოდ იღებენ. ოპოზიციაში ოლიგარქები არ არიან, ამ ტერმინის კლასიკური განმარტებიდან გამომდინარე. ოპოზიციაში არცერთი ადამიანი არ არის, ვინც ხელისუფლებაზე გავლენას ახდენს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.