პაატა მანჯგალაძე - უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა პირს, ვინც შემჩნეული იქნება რუსეთთან ფარულ გარიგებებში, ბიზნეს ურთიერთობებში, თუ პუტინის სამხედრო მანქანის დაფინანსებაში, დაასანქცირებენ
უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა პირს, ვინც შემჩნეული იქნება რუსეთთან ფარულ გარიგებებში, ბიზნეს ურთიერთობებში, თუ პუტინის სამხედრო მანქანის დაფინანსებაში, დაასანქცირებენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს სია მუდმივად განახლებადია, რომელშიც ადამიანები ემატებიან.
„ილუზია არ უნდა შევიქმნათ, რომ სანქციები ძლიერი მექანიზმია, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს ვერც 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება და ვერც სანქციები გააკეთებს. თუ გვინდა, რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ, უნდა გავაკეთოთ არჩევანი ივანიშვილსა და საქართველოს შორის. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გააკეთა არჩევანი ივანიშვილის სასარგებლოდ, ახლა ჯერი ჩვენზეა. მოლდოვა უფრო ახლოსაა ფრონტის ხაზთან, მაგრამ არავის მოლდოვის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქცია არ დაუწესებია. ლუკაშენკო აფხაზეთში ჩავიდა და უამრავი ანტიქართული განცხადებები კეთდება რუსეთის დუმაში, მაგრამ ამაზე რეაქცია არ აქვთ და ბიძინა ივანიშვილის საკითხი როგორც დადგება, ეს ხდება ნომერ პირველ თემა. ეს არის „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია, როდესაც ივანიშვილს ექმნება საფრთხე, მზად არიან საქართველოს ინტერესების ზიანისთვისაც“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, საქართველოს ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესდა.