პაატა მანჯგალაძე - თავმომწონედ ძახილი, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, არის რისკის შემცველი
პაატა მანჯგალაძე - თავმომწონედ ძახილი, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, არის რისკის შემცველი

თავმომწონედ ძახილი, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, არის რისკის შემცველი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„გვესმის, რომ შეიძლება, საქართველო სანქციებს სრულფასოვნად ვერ შეუერთდეს, მთელი რიგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, მაგრამ თავმომწონედ ძახილი, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, არის რისკის შემცველი. გეტყვით – რატომ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გააკეთა განცხადება, რომ ის ქვეყნები და ორგანიზაციები, რომლებიც სანქციებს არ შეუერთდებიან, ანუ რუსეთისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნიან, შეიძლება, თავად გახდნენ სანქციის ნაწილი. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს თავის მავნე კამპანიას, თითქოს „ქართული ოცნება“ უდრის მშვიდობას, ოპოზიციას კი ომი უნდა.

„ვეკითხებით, რა გარანტიაა, რომ მშვიდობა არის „ქართული ოცნება“? კაპიტულაციას გამოაცხადებენ, იარაღს დაყრიან, რუსებს შემოუშვებენ, თუ რა გარანტიები არსებობს საქართველოში? სულ ვეკითხები, რატომ არიან დარწმუნებული, რომ „ქართული ოცნება“ არის მშვიდობა და ვინმეს უნდა ომი? ერთად უნდა იყოს ერი. რა გზავნილი ჯობია, რომ ვანახოთ მსოფლიოს, რუსეთს, პუტინს? ჩვენ ერთიანი ვართ, თავისუფლებით ვაჭრობას და პურის სანაცვლოდ თავისუფლებაზე უარის თქმას არავინ აპირებს, ეს გზავნილი გავუგზავნოთ, თუ საქართველო ხელის აქნევას ელოდება რუსეთისგან და მაშინვე მზად არის, უარი თქვას თავის სუვერენიტეტზე“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ „შეიძლება, პუტინი იმითაც გაღიზიანდეს, საქართველოს პარლამენტში რომ ვიღაცამ უკრაინის დროშა გამოკიდა, მაგრამ საგარეო და თუნდაც, საშინაო პოლიტიკა დიდის მიმართ შიშით და მორჩილებით არ უნდა ვაწარმოოთ“.

„თუ ჩვენ დავუშვებთ შიშს და დიდის მიმართ შიშით, მორჩილებით ვაპირებთ საგარეო და თუნდაც, საშინაო პოლიტიკის წარმოებას, აქ ხომ ლიმიტები არ არსებობს?! აქ ხომ ნახევრად დათმობა არ არსებობს?! ჩვენ ხომ ვიცით, სინამდვილეში რუსეთთან ურთიერთობის ისტორია რა არის, მით უმეტეს, საქართველოსთვის“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, აუცილებელია, რუსეთისგან, რაც შეიძლება, შორს ვიყოთ, რომ ვერ მოგვწვდეს, „იმპერიის დანგრევის დროს ამ ურჩხულმა კუდი არ მოიქნიოს და საქართველოს არ მოხვდეს“.

პაატა მანჯგალაძემ ასევე განაცხადა, რომ შეიძლება, ხელისუფლების არც ერთ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდეს, მაგრამ ახლა იმის დრო არ არის, ვინმემ პოლიტიკური ქულები და დივიდენდები ჩაიწეროს.

„ამის დრო მოვა მშვიდობიანობის პერიოდში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად რეალისტურია ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობა იმ განცხადებების ფონზე, რომელიც ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ისმის, პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და უშიშროების საბჭოს გაფართოებული ფორმატი, რომელიც ნამდვილად გააჩენს შესაძლებლობას იმისთვის, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ერთიანი იყოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ეს არ სჭირდება, ვინაიდან „ქართული ოცნება“ არის ავტოკრატი მმართველობისკენ მოძრავი ხელისუფლება და მათ მტრის ხატი სჭირდებათ.

„მტრის ხატს რუსეთში კი არ ხედავენ, მათთვის მტერი არის კონკრეტულად მათი ოპონენტი, კონკურენტი, ოპოზიციური პარტიები“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.