პაატა მანჯგალაძე - შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში როგორც არ უნდა შემოაპარონ და გააპარონ, პასუხისმგებლობას მაინც ვერ აირიდებს
პაატა მანჯგალაძე - შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში როგორც არ უნდა შემოაპარონ და გააპარონ, პასუხისმგებლობას მაინც ვერ აირიდებს

შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში როგორც არ უნდა შემოაპარონ და გააპარონ, ვახტანგ გომელაური პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მაინც ვერ აირიდებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ძალადობასა და ჟურნალისტებზე ნადირობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს, რომლებმაც ძალადობა წაახალისეს.

„საუბარი, რომ თითქოს ბანერის გადმოკიდებით ისეთი გარემო შეიქმნა, რომ მინისტრს არ ესაუბრა, არასწორია. მინისტრი ცუდად არ გამხდარა და დისკომფორტი არ ჰქონია. როცა იცი, ადამიანი ჟურნალისტებს ურტყამდა და ბანერის დაკიდებით რაღაც დისკომფორტი შეექმნა, არ მესმის. ეს არის ტყუილი. მზად ვიყავით, ჩვენს ფრაქციას აეხსნა, როგორ უწყობდა ხელს ძალადობას შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი უმოქმედობით და წახალისებით. როცა მინისტრის მოსმენის საშუალება იქნება, ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ. ძალადობრივი ჯგუფები იყვნენ კოორდინაციაში და სწორედ ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს”, – განაცხადა მანჯგალაძემ.