პაატა მანჯგალაძე - შევეცდებით, დავარწმუნოთ კოლეგები, რომ დოკუმენტის ახალი ვერსია არ არის იდეალური, მაგრამ იძლევა უკეთესი პირობების შექმნის საფუძველს, შესაბამისად, შესაძლებლად მიგვაჩნია მასზე ხელის მოწერა
პაატა მანჯგალაძე - შევეცდებით, დავარწმუნოთ კოლეგები, რომ დოკუმენტის ახალი ვერსია არ არის იდეალური, მაგრამ იძლევა უკეთესი პირობების შექმნის საფუძველს, შესაბამისად, შესაძლებლად მიგვაჩნია მასზე ხელის მოწერა

შევეცდებით, მაქსიმალურად დავარწმუნოთ კოლეგები, რომ შექმნილ ვითარებაში, დოკუმენტი არ არის იდეალური, მაგრამ იძლევა უკეთესი პირობების შექმნის საფუძველს, შესაბამისად, შესაძლებლად მიგვაჩნია დოკუმენტზე ხელის მოწერა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტი ქმნის პირობებს, ქვეყანაში არ მოხდეს რადიკალიზება და პოლარიზება.

„როგორც გუშინდელ შეხვედრაზე გაირკვა, ოპოზიციის ყველა ლიდერმა ერთხმად აღნიშნა, რომ აღნიშნული დოკუმენტი არის ბევრად უკეთესი, ვიდრე აქამდე შემოთავაზებული ვერსია. აღნიშნული დოკუმენტი არ არის რომელიმე პარტიის, ეს არის მიუკერძოებელი და სამართლიანი მედიატორების მიერ შეთავაზებული ვერსია. ის არ არის იდეალური, გააჩნია გარკვეული ხარვეზები, მისი შეთანხმებისა და კომპრომისული სულისკვეთებიდან გამომდინარე „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ის ნამდვილად იძლევა გამარჯვებისთვის ხელსაყრელი წინაპირობის შექმნის საფუძველს.

შექმნილ ვითარებაში, თუ დოკუმენტზე იქნება „ქართული ოცნების“ ხელმოწერა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს. იმისთვის, რომ დოკუმენტმა შეიძინოს იურიდიული ძალა, აუცილებელია ორივე მხარის თანხმობა. ჩვენ გვჭირდება „ქართული ოცნების“ პოზიცია ამ საკითხზე და შემდეგ დავაფიქსირებთ ჩვენსას. თუ „ქართულ ოცნებას“ დარჩა სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და გონიერების ნატამალი, აუცილებლად უნდა მოაწეროს ხელი ამ დოკუმენტს. ეს დოკუმენტი არ არის არავის გამარჯვების დოკუმენტი, ეს დოკუმენტი ქმნის პირობებს, ქვეყანაში არ მოხდეს რადიკალიზება და პოლარიზება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ამასთან, მანჯგალაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელს” აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ნება, გაითვალისწინოს მოქალაქეებისა და უცხოელი პარტნიორების რჩევა და აიღოს პასუხისმგებლობა შექმნილ დოკუმენტზე.

„შევეცდებით, რომ მაქსიმალურად დავარწმუნოთ კოლეგები, რომ შექმნილ ვითარებაში დოკუმენტი არ არის იდეალური, მაგრამ იძლევა უკეთესი პირობების შექმნის საფუძველს. შესაბამისად, შესაძლებლად მიგვაჩნია დოკუმენტზე ხელის მოწერა. თუ რომელიმე პარტია ან კოლეგა ფიქრობს განსხვავებულად, ჩვენ მოვისმენთ მათ არგუმენტაციას, მაგრამ „სტრატეგია აღმაშენებელს” აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ნება, გაითვალისწინოს ჩვენი მოქალაქეების და უცხოელი პარტნიორების რჩევა და აიღოს პასუხისმგებლობა შექმნილ დოკუმენტზე. დოკუმენტში კითხვის ნიშანი გაჩნდა ცესკო-ს დაკომპლექტების წესთან, ასევე პროკურორთან დაკავშირებით. ხარვეზიანია, როცა 43 პროცენტზეა საუბარი. „ქართულ ოცნებას“ ეშინია სამართლიანი კონკურენციის და ასევე პოლიტპატიმრების გამოშვების მექანიზმიც არ არის იდეალური, მაგრამ რაც არის, ესეც ქმნის პირობებს გამარჯვებისთვის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.