პაატა მანჯგალაძე - საქართველოს ევროკავშირში შესვლა რეალურია და ამაზე პასუხისმგებლობა ცალსახად „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას ეკისრება
საქართველოს ევროკავშირში შესვლა რეალურია და ამაზე პასუხისმგებლობა ცალსახად „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას ეკისრება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებაზე“ საგარეო და საშინაო ზეწოლა და იძულება უნდა იყოს.
„ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ როგორც კი საქართველო 12-პუნქტიან რეკომენდაციას შეასრულებს, კანდიდატის სტატუს მაშინვე მოგვანიჭებენ. ამას ერთი წლის შემდეგ მოჰყვება გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საქართველოსთან, რომელიც 3-4 წელი გაგრძელდება. საქართველოს ევროკავშირში შესვლა რეალურია და ამაზე პასუხისმგებლობა ცალსახად „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას ეკისრება. ხელისუფლების ნების შემთხვევაში, ოპოზიციას რომც უნდოდეს პროცესის ხელის შეშლა, ხელს ვერ შეუშლის. ჩვენ მონდომებულები ვართ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არის ნებისმიერ ინიციატივას მხარი დაუჭიროს, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას მოემსახურება. ეს პოლიტიკური კინკლაობის საკითხი არ არის, ეს ეროვნული თანხმობის საკითხია. თუ არ იქნება საერთაშორისო ზეწოლა და ზეწოლა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი არ აპირებენ ამ რეკომენდაციების შესრულებას, რადგან ევროპულ დემოკრატიასთან შეუთავსებელია მმართველობის ოლიგარქიული ის ფორმა, რომელიც ივანიშვილმა საქართველოში დაამკვიდრა. ამიტომ, „ქართულ ოცნებაზე“ საგარეო და საშინაო ზეწოლა და იძულება უნდა იყოს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.