პაატა მანჯგალაძე - სამწუხაროა, რომ რადას თავმჯდომარე გვიხსნის, რა არის ქართველობა, რა არის რუსთაველი, რას ნიშნავს მეგობრობა და გვერდში დგომა
„ქართული ოცნება“, სამწუხაროდ, აგრძელებს რუსეთის სულელურ არგაღიზიანების პოლიტიკას. მათ ვთხოვ, გამოაქვეყნონ სია, რა შემთხვევაში ღიზიანდება რუსეთი და ამ რეესტრის შემდეგ გვეცოდინება, რა უნდა გავაკეთოთ და რა არა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, შალვა პაპუაშვილი ბუჩაში უნდა ჩავიდეს და შეეცდებიან, იქ, სადაც უნდა ყოფილიყო პარლამენტის თავმჯდომარე, წარმოდგენილი იყოს ოპოზიციური ერთიანობა.
მანჯგალაძემ კომენტარი გააკეთა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიერ ბუჩაში მიწვევაზე შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნის, დიპლომატიური დემარშების, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულების განუმარტებლობის ფონზე, უკრაინაში ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ ჩანს“.
„სამწუხაროა, რომ რადას თავმჯდომარე გვიხსნის, რა არის ქართველობა, რა არის რუსთაველი, რას ნიშნავს მეგობრობა და გვერდში დგომა. „ქართული ოცნება“, სამწუხაროდ, აგრძელებს რუსეთის სულელურ არგაღიზიანების პოლიტიკას. „ქართულ ოცნებას“ ვთხოვ, გამოაქვეყნოს სია, რა შემთხვევაში ღიზიანდება რუსეთი და ამ რეესტრის შემდეგ გვეცოდინება. რა უნდა გავაკეთოთ და რა – არა. ასეთი რეესტრი ბუნებაში არ არსებობს, რუსეთი გაღიზიანებულია იმითაც, რომ ქართული თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო არსებობს.
რაც შეეხება პაპუაშვილი უნდა ჩავიდეს თუ არა ბუჩაში, რა თქმა უნდა, უნდა ჩავიდეთ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ერთ-ერთი ინიციატორი. ჩვენ შევეცდებით, სტეფანჩუკთან დავამყაროთ კონტაქტი და იქ, სადაც უნდა ყოფილიყო პარლამენტის თავმჯდომარე წარმოდგენილი, იყოს ოპოზიციური ერთიანობა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.