პაატა მანჯგალაძე - სამუშაო ჯგუფები იმიტაცია იყო, ვისთვისაც ერთი წელი საკმარისი არ არის იმის გასაგებად, რომ „ოცნება“ სამუშაო ჯგუფში პროექტებს არ წერს, შეუძლია, კიდევ სცადოს „კოკა-კოლის“ თავსახურივით
ცხრა დათქმის შესრულების არანაირი მოლოდინი არ მაქვს. როგორც 12 რეკომენდაციის შესრულების იმიტაციას ერთ წელზე მეტი მოანდომეს, ახლაც იგივე მოლოდინი მაქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ დეოლიგარქიზაციის გეგმაში, დეოლიგარქიზაციის გარდა, ყველაფერზეა საუბარი.
„თან ისე საუბრობენ, არც სასამართლო რეფორმაა და არც საარჩევნო. საოცარი „ნიჭი“ აქვთ – ილაპარაკონ ბევრი და არ გააკეთონ არაფერი“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება სამუშაო ჯგუფებს, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, დადასტურდა, რომ სამუშაო ჯგუფები იმიტაცია იყო.
„საყმაწვილო სენი მგონია, რომ ერთი და იგივე უნდა ვიძახოთ. ამ სამუშაო ჯგუფებში მთელი წელი დაიხარჯა და ოპოზიციის მხრიდან დაყენებული რაიმე წინადადების გათვალისწინების არცერთი პრეცედენტი არ იყო. ვიღაცას უხარია, რომ იქ ზის და „ქართულ ოცნებას“ უსმენს. ვინც იქ ზის, მათ უხარიათ. ვისთვისაც ეს ერთი წელი საკმარისი არ არის, რომ გაიგოს, „ქართული ოცნება“ სამუშაო ჯგუფში პროექტებს არ წერს, შეუძლია, კიდევ სცადოს „კოკა-კოლის“ თავსახურივით. მგონი, ზოგისთვის ერთი წელი საკმარისი არ იყო და თავიდან სცადონ. თუ კომიტეტში კარგი ინიციატივები შემოვა, მხარს დავუჭერთ. მგონი, საკომიტეტო და საპარლამენტო პროცესი სწორად არ გვესმის. „ქართული ოცნება“ კანონპროექტებს ფრაქციაში წერს და იქ ხომ არ ვიმუშაოთ? სამუშაო ჯგუფები იმიტაცია იყო და ეს დადასტურდა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.