პაატა მანჯგალაძე - სამარცხვინოა, როცა ევროპაში ინტეგრაციის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას რუსულ კანონებს სთავაზობს
„ქართული ოცნების“ კანონპროექტს არავითარი საერთო არ აქვს ამერიკულ კანონპროექტთან. ამაზე ისაუბრა აშშ-ს ელჩმა, ამაზე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ოპოზიციურმა პარტიებმა მხარი არ უნდა დაუჭირონ.
„ის კანონი ვრცელდება ლობისტებზე და უცხოეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებზე, ხოლო ამათმა შემოიტანეს ამერიკული სახელით რუსული კანონი, რომელიც ვრცელდება ყველა ორგანიზაციაზე, რომელიც იღებს დაფინანსებას უცხოეთიდან. სირცხვილია, სამარცხვინოა, როცა ევროპაში ინტეგრაციის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას სთავაზობს რუსულ კანონებს. „ქართულ ოცნებას“ ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს. ოპოზიციური პარტია, რომელიც ამ კანონს დაუჭერს მხარს, არ არის ოპოზიციური პარტია, ის არის სატელიტი „ქართული ოცნების“, – განაცხადა მანჯგალაძემ.