პაატა მანჯგალაძე - საგამოძიებო კომისიაში მუშაობის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს ჩვენი პირობა, უნდა შევთანხმდეთ ვადამდელი არჩევნების თარიღზე
საგამოძიებო კომისია აუცილებელია იმ დანაშაულებრივი ჯგუფის გამოსავლენად, ვინც არჩევნები გააყალბა, მაგრამ საგამოძიებო კომისიაში მუშაობას აქვს ჩვენი პირობა – უნდა შევთანხმდეთ ვადამდელი არჩევნების თარიღზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ვადამდელი არჩევნების თარიღზე შეთანხმების გარეშე საგამოძიებო კომისია ფარსი იქნება, მით უმეტეს, რომ თუ არ იქნება წარმოდგენილი ოპოზიცია.
„ჩვენ საგამოძიებო კომისიაში მუშაობის პრობლემა არ გვაქვს. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვართ, რომ საგამოძიებო კომისია აუცილებელია იმ დანაშაულებრივი ჯგუფის გამოსავლენად, ვინც არჩევნები გააყალბა, მაგრამ ამას აქვს ჩვენი პირობა, რომ უნდა შევთანხმდეთ ვადამდელი არჩევნების თარიღზე. ვადამდელი არჩევნების თარიღზე შეთანხმების გარეშე, საგამოძიებო კომისია მგონია ფარსი, მითუმეტეს, თუ იქ არ იქნება ოპოზიცია.
ჩვენ ვამბობთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ საფუძველი უნდა დაედოს საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. სწორედ ამიტომ აუცილებელია იმ პირების და სქემების გამოვლენა, ვინ და როგორ აყალბებდა არჩევნებს. აუცილებელია საგამოძიებო კომისია. თუ ამ პარლამენტის პირობებში ვერ მოხდება საგამოძიებო კომისიის შექმნა, ვინაიდან იქ ოპოზიცია არ არის, ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, მომდევნო არჩევნებზე აუცილებლად შევქმნით საგამოძიებო კომისიას, რომელიც არჩევნების გაყალბების საკითხს დაადგენს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, მანჯგალაძის აზრით, ძირითადი პუნქტები მიღწეულია ოთხი რაუნდის დროს ელჩების ფასილიტაციით.
„რეფორმის, რაზეც ახლა საუბარია, ძირითადი პუნქტები მიღწეულია ოთხი რაუნდის დროს ელჩების ფასილიტაციით. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებას დიდად არ გააუარესებს, რადგან ძალიან ცუდი იქნება. დღეს არსებული საარჩევნო ადმინისტრაცია – 12 წევრიდან 10 ჰყავს დანიშნული ხელისუფლებას, ეს არ ყოფილა შევარდნაძის პერიოდშიც კი. ამიტომ ამ პირობებში არჩევნების ჩატარება შეუძლებელი მგონია. აქ არ არის საუბარი „სტრატეგია აღმაშენებლის“, ან რომელიმე ჩვენი წევრის ახირებაზე, ჩვენი მოტივაციაა, ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, რომელიც ზუსტად იქნება ქართველი ხალხის ნების გამოვლინება.
თუ „ქართული ოცნება“ არ გაატარებს იმ რეფორმას, რაც ოთხი რაუნდის პირობებშია მიღწეული, თუ არჩევნები არ არის, თუ საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლება არ არის და თუ იქნება არალეგიტიმური, ჩვენ მოგვიწევს ფიქრი ხელისუფლების შეცვლაზე, კონსტიტუციურ ფარგლებში, ისე, როგორც მშვიდობიანად მიღწეულია ყველა ის უფლება, რაც დღეს კონსტიტუციაშია ასახული“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.