პაატა მანჯგალაძე - სააკაშვილი ოსვენციმის პატიმარი მეგონა, „ქართული ოცნების“ არცერთ წარმომადგენელს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობაში იყოს, რაშიც სააკაშვილია
ადამიანი არ მეგულება, ვისაც სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა გაუხარდებოდა. სააკაშვილს არ ეწყინება და ვიტყვი, რომ ოსვენციმის პატიმარი მეგონა. ჩემთვის მართლა მძიმე სურათი იყო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მანჯგალაძე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ელჩს სთხოვს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ არცერთ წარმომადგენელს არ უსურვებს იმ მდგომარეობაში იყოს, რაშიც სააკაშვილია.
„ეტყობა, პრეზიდენტ ზელენსკიზე ამ ფაქტორმა იმოქმედა. მას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს უკრაინის მოქალაქეების მიმართ, ყოველთვის ჩართულია, როცა უკრაინის მოქალაქეს უჭირს. მას სააკაშვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და ამიტომ ცდილობს სააკაშვილის გათავისუფლებას. პრეზიდენტი ზელენსკი ფიქრობს, რომ თუ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანა არ მოხდება, შედეგი ფატალური იქნება. ექიმებისგან ვიცი, რომ სამჯერ უსხამენ პლაზმას და მხოლოდ ამიტომ არის ეს ადამიანი ცოცხალი. თუ ხელისუფლებაზე ზემოქმედების სხვა ფორმა არ არსებობს და დიპლომატიური ფორმები ამოწურა, ესეც დიპლომატიური ურთიერთობის ნაწილია. ომის მდგომარეობაში მყოფი პრეზიდენტის გაკრიტიკებას არ ვაპირებ, საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე. ზელენსკი ცდილობს, რომ ადამიანი გადაარჩინოს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.