პაატა მანჯგალაძე - ვეთანხმები გიგი უგულავას განცხადების მეორე ნაწილს, რომ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს
პაატა მანჯგალაძე - ვეთანხმები გიგი უგულავას განცხადების მეორე ნაწილს, რომ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს

ვეთანხმები გიგი უგულავას განცხადების მეორე ნაწილს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკანონო პატიმარი და უნდა გათავისუფლდეს. ამ ნაწილში აუცილებლად ყველას კონსენსუსი იქნება საჭირო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძეს კითხვა დაუსვეს გიგი უგულავას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც უგულავამ აღნიშნა: „სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის პრობლემა და ვიდრე ეს პრობლემა იქნება, ყველა ოპოზიციურ პარტიას სულ ამას წამოვაძახებ. აგერ, პროგრამებით ემზადებიან არჩევნებისთვის. ბოდიში მომითხოვია, რომელ არჩევნებზე ვლაპარაკობთ? არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი, თუ მისი მთავარი სუბიექტი მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი“.

გიგი უგულავას განცხადების შეფასებისას, მანჯგალაძეს კიდევ ერთი კითხვა დაუსვევს, სააკაშვილი თუ არ გათავისუფლდება, არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ ხომ არ დააყენებენ, რაზეც მანჯგალაძემ აღნიშნა:

„არ ვიცი, მას ჰკითხეთ, რას გულისხმობდა. ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, ეს ადამიანი იყოს თავისუფლებაზე. არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, არამედ ნებისმიერი უკანონო პატიმარი. „ქართული ოცნების“ გარდა, არ არსებობს არც ენჯეოსექტორი, არც პოლიტიკური პარტია, მათ შორის, პრეზიდენტი, რომელიც არ ამბობდეს, რომ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ გვაქვს. ამას ამბობენ, მათ შორის, უცხოელი პარტნიორები. სასამართლო თუ არ გვაქვს, ვინ გაასამართლა? ყველა ადამიანი უნდა სარგებლობდეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. სასამართლო და პროკურატურა თუ არ გვაქვს, ბუნებრივია, გაუგებარია რისთვის ზის სააკაშვილი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.