პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ სპეკულაციაა, თითქოს სააკაშვილის მხრიდან სიმულაციას აქვს ადგილი
არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილს გული აუჩუყდება და მიხეილ სააკაშვილს ციხიდან გაუშვებს, თუმცა ხელისუფლებაზე ორმა მექანიზმმა უნდა იმოქმედოს – შიდა პროტესტმა და საერთაშორისო სანქციებმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ვიზუალურადაც ეტყობა, რომ ძალიან მძიმედაა.
„გუშინ სასამართლოს სხდომაზე ამერიკელმა ექსპერტმა ილაპარაკა, რომ პრეზიდენტს სასწრაფოდ სამკურნალოდ გადაყვანა სჭირდება, რადგან სრულად არ არის დასმული დიაგნოზები და ამიტომ ვერ ხერხდება მისი მკურნალობა. „ქართული ოცნების“ მხრიდან სპეკულაციაა ის, თითქოს სააკაშვილის მხრიდან სიმულაციას აქვს ადგილი. როგორ შეიძლება, ადამიანმა სიმულაციით 50 კილოგრამი დაიკლოს? სალომე ზურაბიშვილს მივმართავ, ექსპერტულ შეფასებებს თავი დაანებოს, ყველამ იცის, რა არის ევროპული დემოკრატია, ყველამ იცის, რისი უფლება აქვს პრეზიდენტს და, ლაპარაკის ნაცვლად, საქმეზე გადავიდეს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.