პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული აქცია არის არაადეკვატურობა, სამწუხაროა, რომ სხვის მაგალითზე ვერ ისწავლეს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული აქცია არაადეკვატურობაა, რაც მათგან სიახლე არ არის.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სხვის მაგალითზე ვერ ისწავლა.
„ალბათ, გააცნობიერეს – ოპოზიციაში არიან ქართველ ხალხთან და თავის მომხრეებს, რომელიც ძალიან შეთხელდა, უმტკიცებენ, რომ ხელისუფლებაში არიან, ძლიერები არიან, ვერავინ მოერევათ. როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის სხვა სათქმელი არ აქვთ. ხალხთან გაკეთებულ საქმეებზე კი არ საუბრობენ და ამით კი არ იწონებენ თავს, არამედ დაქირავებული ხალხისა და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებით ცდილობენ, აქცია გამართონ და ხალხს ძალა აჩვენონ.
სამწუხაროა, რომ სხვის მაგალითზე ვერ ისწავლეს. გაიხსენონ 2012 წელი, როცა „ქართული ოცნების“ აქციაზე ხალხი თვითდინებით მოდიოდა. მაშინ, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ გააკეთა აქცია სტადიონზე და ერთი საათიც ვერ გაგრძელდა, ხალხის 30 პროცენტი შინ მიდიოდა“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხთან.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 27 ოქტომბერს 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე პარტიის მხარდამჭერთა შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება გაიმართება.