პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს იგონებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიაში არ გააგზავნოს, მგონი, შალვა პაპუაშვილი ფურცლის ეკონომიას აკეთებს
ევროპელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს, „ქართული ოცნება“ ცდილობს, ეს კანონპროექტი რაც შეიძლება მალე მიიღოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს იგონებს, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში არ გააგზავნოს.
„ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ვენეციის კომისია კანონპროექტს ფართო რაკურსში შეხედავს და ამ რაკურსში მსჯელობა დაგვანახებს, რომ, სინამდვილეში, ოლიგარქია ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს იგონებს, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში რომ არ გააგზავნოს. სხვა არგუმენტი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ, მგონი, შალვა პაპუაშვილი ფურცლის ეკონომიას აკეთებს. აბა, რატომ უნდა მიებას უკრაინულ თემატიკას საქართველოში არსებული ვითარება, რომელიც ომის მდგომარეობაშია, ეს დაუსაბუთებელია“, – თქვა პაატა მანჯგალაძემ.
პაატა მანჯაგალაძის განცხადებით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის უკრაინული მოდელი საქართველოს რეალობას არ შეესაბამება და მას „სტრატეგია აღმაშენებელი“ მხარს არ დაუჭერს.
„პირველ კურსზე ასწავლიან, რომ ადგილობრივი ნიშან-თვისებების გათვალისწინების გარეშე კანონის კოპირება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა შედეგს იძლევა. ოლიგარქიზაციის შესახებ კანონი უკრაინაში ემსახურებოდა უკრაინის ხელისუფლების ოლიგარქიისგან დაცვას, მაგრამ მაშინ, როცა საქართველოში ოლიგარქია ხელისუფლებაშია, ეს ვერ მოემსახურება ოლიგარქიისგან დაცვას. ამიტომ ამ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.