პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ იმიტომ ამბობს, არჩევნებს ვიგებთო, რომ იციან, ასე არ არის, ორი ირაკლი ჰყავთ და მათ პროგნოზებს „ირაკლის ზღაპრები“ დავარქვათ
ბიძინა ივანიშვილი როცა ამბობდა, ხალხში ჭარბი ნდობა მაქვსო, 60 პროცენტი მაშინ არ აუღიათ და ახლა საკონსტიტუციო უმრავლესობას როგორ იღებენ? – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ იმიტომ ამბობს, არჩევნებს ვიგებთო, რომ იციან, ეს ასე არ არის.
„რაზეც ოცნებობენ, იმაზე საუბრობენ. როცა ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, ხალხში ჭარბი ნდობა მაქვსო, 60 პროცენტი მაშინ არ აუღიათ და ახლა საკონსტიტუციო უმრავლესობას როგორ იღებენ? ხალხს აინტერესებს არა ლანძღვა და გინება, არამედ როგორ შეიცვლება მათი ცხოვრების პირობები და როგორ აშენდება ქვეყანა. მათ როგორი სიძულვილი და ზიზღიც არ უნდა გვესროლონ, არ ავყვებით. „ქართული ოცნება“ როცა ამბობს, ვიგებთო, მაშინ აგებენ. ეს ისეა, მთვრალი არ ვარ, მთვრალიო. ბოლო სამ არჩევნებზე ოპოზიციამ მილიონ 100 ათასი ხმა აიღო, „ქართულმა ოცნებამ“ – 900 ათასი. 200 ათასი ხმა გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის? მათ სიძულვილში ვერ ავყვები. ორი ირაკლი ჰყავთ და ამ პროგნოზებს „ირაკლის ზღაპრები“ დავარქვათ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება შეუძლია.