პაატა მანჯგალაძე - ქართული მხარის ვალდებულებაა, კარგად აუხსნას ჩვენს პარტნიორებს, რომ რუსეთისთვის არანაირი სამხედრო ტვირთის მიწოდება არ ხდება
სანქციებზე არმიერთებამ გამოიწვია ეჭვი, რაც უკრაინის ხელისუფლებას აქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინულ მხარეს საქართველომ უნდა უპასუხოს, რომ არანაირი სამხედრო დანიშნულების ტვირთი საქართველოს გავლით არ გადის.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების, პრემიერ-მინისტრის, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებებმა ჩვენს პარტნიორებში გარკვეული ეჭვები გააჩინა, ხომ არ ხდება რუსეთში სამხედრო დანიშნულების ტვირთების საქართველოს გავლით გატანა. ეჭვი არის საფუძვლიანი. თუ სანქციებს არ ვუერთდებით ამ ნაწილში, რასაც ჰქვია ტექნოლოგიების გატარება, მაშინ უკრაინას ბუნებრივად აქვს უფლება, დასვას შეკითხვები, რა ტიპის საქონლის ნაწილში არ უერთდება საქართველო სანქციებს. შესაბამისად, საქართველომ უნდა უპასუხოს, რომ არანაირი სამხედრო დანიშნულების ტვირთი საქართველოს გავლით არ გადის. სანქციებზე არმიერთებამ გამოიწვია ეჭვი, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას აქვს. აქ არ არის საუბარი შაქრისა და პურის ფქვილის შემოტანაზე, ასევე – ღვინის გატანაზე. საუბარია სამხედრო დანიშნულების, ორმაგი დანიშნულების ტვირთებზე. საქართველო რომ არ უერთდება სანქციებს, გულისხმობს თუ არა ეს ამ ტვირთების გატარებას რუსეთში.
როგორც ჩანს, სპეცსამსახურების დონეზეა ეს გარკვეული ოპერატიული ინფორმაცია. უნდა შედგეს კომუნიკაცია. ამას არ სჭირდება ზედმეტი აჟიოტაჟი და ქვეყნებს შორის დაძაბულობა. უკრაინას ქართულ მხარესთან ამ ინფორმაციის გაჟღერების ვალდებულება აქვს და ქართული მხარის ვალდებულებაა, კარგად აუხსნას ჩვენს პარტნიორებს, რომ არანაირი ორმაგი დანიშნულების სამხედრო ტვირთების მიწოდება რუსეთისთვის არ ხდება“, – განაცხადა პაატა მანჯგლაძემ.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.
ამასთან, საკითხთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამაც და აღნიშნა: „ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოსგან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედოთ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები არ იქნება საკმარისად დამაჯერებელი“.