პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება, ისევე როგორც ოპოზიციას ამ კანონპროექტის მხარდაჭერა
„სტრატეგია აღამაშენებლის წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ვენეციის კომისია კანონპროექტში არსებულ ყველა კომპონენტს განიხილავს.
როგორც პაატა მანჯგალაძე ამბობს, „ქართულ ოცნებას“ კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევს, ისევე როგორც ოპოზიციას — კანონპროექტის მხარდაჭერა.
„ვენეციის კომისიაში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის გაგზავნა ძალიან მნიშვნელოვანია. ვენეციის კომისია მხოლოდ ნორმატიულ აქტს არ აფასებს, კონკრეტულ ქვეყანასთან მიმართებით შედის განხილვაში, ცოცხალ პროცესში, როგორ იმუშავებს ნორმატიული აქტი დროსა და სივრცეში. ანუ, ყველა კომპონენტს განიხილავს და მსჯელობა იქნება საქართველოში არსებულ დემოკრატიულ, ოლიგარქიულ მდგომარეობაზე. დარწმუნებული ვარ, ვენეციის კომისია იტყვის, რომ ოლიგარქიის მთავარი თვისება მედიის ფლობა კი არ არის, მთავარი თვისებაა ჭარბი ფინანსური გავლენების გამოყენება. „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება, ისევე, როგორც ოპოზიციას მოუწევს ამ კანონპროექტის მხარდაჭერა. ვენეციის კომისია ადგენს როგორც სამართლებრივ საკითხებს, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულობაზე იწყებს მსჯელობას. დარწმუნებული ვარ, ოლიგარქიის პრობლემაზე იქნება საუბარი, მსჯელობა, აზღვევს თუ არა რისკებს კანონპროექტი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
„ქართულ ოცნებაში“ გუშინ განაცხადეს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაზე უარს ამბობენ და პროექტს ვენეციის კომისიაში გადააგზავნიან.
ამასთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე, რაც პოზიტიური ნაბიჯია“.