პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებას“ ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის პროექტი როცა შევთავაზეთ, მოტივაცია იყო, რომ ემიგრანტებს ჰქონოდათ არჩევნებში დისტანციურად მონაწილეობის შესაძლებლობა
„ქართული ოცნების“ პირობებში ელექტრონული არჩევნები ყველა რისკს ვერ აზღვევ, უფრო მეტიც, ბევრ შემთხვევაში შეიძლება რისკები გაზარდოს, იმ მხრივ, რომ ვერ განხორციელდეს მონიტორინგი რეალური მონაცემების, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, ელექტრონული სისტემა უკეთესია ნორმალური მთავრობის პირობებში, როცა დაინტერესებული არ არის არჩევნების ფალსიფიკაციით, რადგან ის გამორიცხავს ცალკეული დაინტერესებული პირების მანიპულაციის რისკებს.
„როცა ცენტრალური ბაზის მონაცემების აუდიტი არ ხდება და მარტო ხელისუფლებას მიუწვდება ხელი ამ ყველა მონაცემზე, ეს არის არის ძალიან დიდი სპეკულაციის რისკის შემცველი. ჩვენ შენიშვნები გვაქვს ამ საკითხზე გამოთქმული, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ელექტრონული არჩევნები თავისთავად ყველა რისკს ვერ აზღვევს. უფრო მეტიც, ბევრ შემთხვევაში შეიძლება, რისკები გაზარდოს, გაზარდოს იმ მხრივ, რომ ვერ განხორციელდეს მონიტორინგი რეალური მონაცემების.
როცა „ქართულ ოცნებას“ ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის პროექტი შევთავაზეთ, მთავარი მოტივაცია იყო, რომ საქართველოდან წასულ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონოდათ არჩევნებში დისტანციურად მონაწილეობის შესაძლებლობა. შესაბამისად, ჩვენი ინტერესი იყო ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობა. ამიტომ იყო სასურველი ელექტრონული არჩევნები, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ემიგრანტები არ ჩაერთო არჩევნებში, რადგან ხალხი არის ნაწყენი, გაბრაზებული საკუთარ მთავრობაზე, წავიდნენ ლუკმაპურის საშოვნელად ევროპაში და არ უნდათ, რომ ამ ხალხმა გავლენა მოახდინოს საქართველოში პოლიტიკურ ცხოვრებაზე“, – განაცხადა მანჯგალაძემ.