პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებას“ 60 პროცენტი მარგველაშვილის საპრეზიდენტო არჩევის შემდეგ არ უჩვენებია, მაშინაც კი არ აუღიათ 60 პროცენტი
„ქართული ოცნება“ ძალიან მძიმე დღეშია და ერთმანეთს უმტკიცებენ, რომ 60 პროცენტი გვაქვსო. არადა, არცერთ კვლევაში, რომელიც მეტ-ნაკლებად ავტორიტეტულია, მსგავსი შედეგი არ ჩანს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ 60 პროცენტი მარგველაშვილის საპრეზიდენტო არჩევის შემდეგ არ უჩვენებია და მაშინაც კი არ აუღიათ 60 პროცენტი.
„მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი ზენიტში იყო და ლამის სულიერი რწმენის რანგში ჰყავდათ აყვანილი, მაშინ „ქართულ ოცნებას“ ამხელა მხარდაჭერა არ მიუღია. ხალხმა „ქართული ოცნებისგან“ ვერაფერი ხეირი და სარგებელი ნახა. ქუჩაში ხალხთან შეხვედრისას მთავარი კითხვაა, ესენი როდის მოშორდებიან აქედან. ოპოზიციის გეგმაა, რომ ხალხის პრობლემებზე მეტად ორიენტირებული კამპანია გვქონდეს. ხალხთან მეტი სიახლოვე უნდა გვქონდეს – კაბინეტიდან და იატაკიდან არჩევნებს ვერ მოიგებ, ამას ხალხთან კომუნიკაცია და ველზე გასვლა სჭირდება. ჩვენ ეს პროცესი დაწყებული გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ამ პროცესში ფეხს სხვა ოპოზიციური პარტიებიც აგვიწყობენ. „ქართულ ოცნებას“ დალხენილი ცხოვრება რომ ჰქონდეს, ეს კაცი დასასვენებლად იყო წასული და უკან რატომ დააბრუნეს?“ – განაცხადა მანჯგალაძემ.