პაატა მანჯგალაძე - პლანშეტით ჩატარებულ NDI-ის კვლევაში გვქონდა ოთხი პროცენტი, IRI-ს კვლევაში ორი, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს კონკრეტული პარტიის ღიად მხარდაჭერის შიში
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, IRI-ს კველევების მიხედვით, თვითკმაყოფილების საფუძველი არ აქვთ, თუმცა ახარებს ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა 85 პროცენტი უპირობოდ უჭერს მხარს ევროპაში ინტეგრაციას, ხოლო შემცირებულია პრორუსულად განწყობილთა რაოდენობა.
რაც შეეხება უშუალოდ „სტრატეგია აღმაშენებელს“, მანჯგალაძის განმარტებით, პლანშეტით ჩატარებულ NDI-ის კვლევაში პარტიას ოთხი პროცენტი ჰქონდა, ამ კვლევაში ორი პროცენტია დაფიქსირებული, ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს კონკრეტული პარტიის ღიად მხარდაჭერის შიში.
„რეიტინგები ტენდენციას აჩვენებს. თვითკმაყოფილების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს. მთავარი, რაც მახარებს, არის ის, რომ 85 პროცენტი თამამად და უპირობოდ უჭერს მხარს ევროპაში ინტეგრაციას. შემცირებულია პრორუსულად განწყობილი ადამიანების რაოდენობა, რაც ჩემთვის ასევე კარგია. სწორია, რომ მოსახლეიბის 70 პროცენტი უარყოფითად აფასებს მთავრობოს კურსს. შემცირებულია „ქართული ოცნების“ რეიტინგი და კრგია, რომ ჯამში ოპოზიცია უგებს „ქართულ ოცნებას“ და მის სატელიტებს. გამოსავალი არის, შეიქმნას ახალი ეროვნული და ევროპული ფრონტი, რომელიც პასუხს მოსთხოვს „ქართულ ოცნებას“ იმ დანაშაულების შესახებ, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად ჩადიან. რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ორ პროცენტს, პლანშეტით ჩატარებულ NDI-ის კვლევაში გვქონდა ოთხი პროცენტი. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს შიში, ადამიანმა ღიად განაცხადოს კონკრეტული პარტიის მხარდაჭერა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გუშინ გამოაქვეყნა.
კითხვაზე, „ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას“, გამოკითხულთა 25 პროცენტი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 12 პროცენტი კი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა მხარს, პარტიას „საქართველოსთვის – გიორგი გახარია“ ხმას მისცემდა სამი პროცენტი, „გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – სამი პროცენტი, „სტრატეგია აღმაშენებელი – გიორგი ვაშაძე“ – ორი პროცენტი, „დროა – ელენე ხოშტარია“ – ორი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია- შალვა ნათელაშვილი“ – ორი პროცენტი, პარტია „ხალხისთვის – ანა დოლიძე“ – ორი პროცენტი, „გირჩი“ – ორი პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – ორი პროცენტი, „ლელო“ – ერთი პროცენტი, „მოქალაქეები“ – ერთი პროცენტი.