პაატა მანჯგალაძე - ოპოზიციაში ბევრი თვითმარქვიაა, ასეთია ფრიდონ ინჯიას პარტია, სხვა ვერსიებიც მსმენია, ჩვენს საქმიანობაზე კითხვა არასოდეს გაჩენილა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პოლიტიკაში საქმიანობასთან დაკავშირებით მათი პარტიის მიმართ კითხვა არასოდეს გაჩენილა.
აღნიშნული კომენტარით მანჯგალაძე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს: „ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი და ვინ – თვითმარქვია ოპოზიცია“.
როგორც მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ხაბეიშვილი ამას „სტრატეგია აღმაშენებელზე“ ვერ იტყოდა.
„ლევან ხაბეიშვილი ამას „სტრატეგია აღმაშენებელზე“ არ და ვერ იტყვის, რადგან პოლიტიკაში ჩვენს საქმიანობაზე კითხვა არასოდეს გაჩენილა. ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტას ვეძებდით და მოქალაქეებს ვაფრთხილებდით, აქეთ უფსკრულია და ნაბიჯის გადადგმა არ შეიძლება. უფსკრულში რუსეთს ვგულისხმობ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ამასთან, პაატა მანჯგალაძის თქმით, ოპოზიციაში ბევრი თვითმარქვიაა.
„ასეთია ფრიდონ ინჯიას პარტია, რომელიც გამოსვლებით „ქოცზე“ უფრო „ქოცია“. ამათ გარდა, სხვა ვერსიებიც მსმენია, თუმცა ახლა ჩემი მოსაზრების დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება აქციას, ვისაც არ მოსწონს ეს აქცია, უკეთესი გააკეთოს. ნებისმიერ აქციაზე მივალთ, როცა მოთხოვნები სამართლიანია. ქვეყანას ევროპა რომ სჭირდება და სასამართლოს – კლანისგან გათავისუფლება, ეს ფაქტია“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.