პაატა მანჯგალაძე - ნონა მამულაშვილის ბრძოლის ხერხებსა და სტრატეგიას არ ვიზიარებ იმ ნაწილში, თითქოს პარლამენტში საქმიანობა ქუჩაში აღშფოთებული ხალხის აბობოქრებას ხელს უშლის
ნონა მამულაშვილს პატივს ვცემ, ძალიან მებრძოლი ადამიანია, მაგრამ მისი ბრძოლის ხერხებსა და სტრატეგიას არ ვიზიარებ იმ ნაწილში, რომ თითქოს, პარლამენტში საქმიანობა ხელს უშლის იმას, რომ ქუჩაში აბობოქრდეს აღშფოთებული ხალხი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, არ აპირებს ერთნაბიჯიანი გადაწყვეტილებების მიღებას, როცა სასწორზე დგას საქართველოს უსაფრთხოება და მომავალი.
„ილუზიაა, რომ თითქოს, პარლამენტიდან რომ გავალთ, ბიძინა ივანიშვილს გული დაეთუთქება და იტყვის, რა ცუდია ერთპარტიული პარლამენტიო, ეს არის სისულელე. არ ვაპირებ, ერთნაბიჯიანი გადაწყვეტილებების მიღებას, როცა სასწორზე დგას საქართველოს უსაფრთხოება და მომავალი. ვინაიდან, ქუჩის ასპარეზზე არანაირი აქტიურობა და არანაირი პროცესი არ არის სინამდვილეში, სჭირდებათ განტევების ვაცი, რომ ვიღაცას დააბრალონ ქუჩაში რომ არაფერი ხდება და თქვან, ქუჩაში წარმატებას რომ ვერ ვაღწევთ, იმის ბრალიაო, რომ პარლამენტში ჩვენი კოლეგები საქმიანობას აგრძელებენო, ეს არის უტოპია, სისულელე და ილუზია. ხალხის აღშფოთებასთან საპარლამენტო საქმიანობა არაფერ კავშირშია. ის რომ ქუჩაში ხალხი არ გამოდის, ამის მიზეზია ის, რომ ოპოზიციამ ხალხთან ის დიდი იდეა ვერ მიიტანა, რისთვისაც ქუჩაში უნდა გამოვიდეთ. სამწუხაროდ, გამაერთიანებელი ლიდერი არ არსებობს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნონა მამულაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის პარლამენტიდან გასვლა ბრძოლის სტრატეგიის ერთ-ერთი ფაქტორი უნდა იყოს.
„ჩემი პირადი აზრია, ამ შემთხვევაში პარლამენტიდან გამოსვლა, ოღონდ მთლიანი ოპოზიციის. ერთი პოლიტიკური პარტიის გამოსვლა არაფერს ცვლის. მთლიანი პროდასავლური ოპოზიციის გამოსვლა იქნებოდა უკვე დემარში და ჟესტი, რომელიც დისკომფორტს მიაყენებდა „ქართულ ოცნებას“.