პაატა მანჯგალაძე - ნიკა მელია თავისი წარმოდგენით უპირისპირდება უსამართლო სისტემას, ეს არ არის დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება სხვებისთვის, ვინც კრიმინალი ჩაიდინა
პაატა მანჯგალაძე - ნიკა მელია თავისი წარმოდგენით უპირისპირდება უსამართლო სისტემას, ეს არ არის დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება სხვებისთვის, ვინც კრიმინალი ჩაიდინა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, იმის გავითვალისწინებთ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ნიკა მელიას ერთხელ უკვე შეუჩერეს უფლებამოსილება, ახლაც არ არის გამორიცხული, იგივე გააკეთონ.

ამის შესახებ მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩემთვის, როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისთვის, ეს არის გარკვეული მორალური აქტი, რომელიც მელიას წარმოდგენით და მისი აღქმით უპირისპირდება უსამართლო სისტემას. ეს არ არის მაგალითი და მოწოდება სხვებისთვის, ვინც მაგალითად, კონკრეტული კრიმინალი ჩაიდინა, რომ მათაც დაუმორჩილებლობა გამოუცხადონ კანონს. ეს არის ერთი ადამიანის აქტი, რომლითაც ცდილობს დაუპირისპირდეს უსამართლო სისტემას.

ჩვენ თუ გავითვალისწინებთ იმ პრაქტიკას, რომ ნიკა მელიას ერთხელ უკვე შეუჩერეს უფლებამოსილება „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატებმა, რა თქმა უნდა, ახლაც არ არის გამორიცხული“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

კითხვაზე – როგორ აისახება ოპოზიციის მოლაპარაკებებზე ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები, მანჯგალაძე ამბობს, რომ ვიდრე ოპოზიციასა და და ხელისუფლებას შორის შეთანხმება არ არის მიღწეული, არსებობს რადიკალიზაციისა და დაპირისპირების რისკები.

„ჩვენ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, ქვეყანაში შექმნილია პოლიტიკური კრიზისი იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტში ასახული არ არის ერთი მილიონი წარმომადგენლობის მქონე ოპოზიციის ნება. პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის აუცილებელია შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ვიდრე ეს შეთანხმება არ არის მიღწეული, არსებობს რადიკალიზაციის და დაპირისპირების რისკები“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად ვადა ამოეწურა, გენერალურმა პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა.