პაატა მანჯგალაძე - ახლა საჭიროა ერთიანი ბრძოლა, ერთიანი ოპოზიციური ფრონტი, ჩვენ მზად ვართ ყველასთან თანამშრომლობისთვის
პაატა მანჯგალაძე - ახლა საჭიროა ერთიანი ბრძოლა, ერთიანი ოპოზიციური ფრონტი, ჩვენ მზად ვართ ყველასთან თანამშრომლობისთვის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს.

მანჯგალაძის განცხადებით, ახლა საჭიროა ერთიანი ბრძოლა, ერთიანი ოპოზიციური ფრონტი. მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

„მინდა, გამარჯვებულ კანდიდატს მივულოცო გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, კანდიდატები, რომლებმაც ვერ მიაღწიეს წარმატებას, გამონახავენ საერთო ენას. არჩევნებში დამარცხება არ ნიშნავს, რომ წავლენ პარტიიდან და გაპასიურდებიან, უფრო სწორად, ვისურვებ. პირიქით, ახლა საჭიროა ერთიანი ბრძოლა, ერთიანი ოპოზიციური ფრონტი. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველასთან. განხეთქილება და დაპირისპირება წარსულზე საკითხებით ხელისუფლების ინტერესია, ჩვენი ინტერესია ერთიანობა, რადგან ჩვენ, ყველას გვაქვს საქართველოს გადარჩენის ამოცანა, ევროპაში ინტეგრაციის, ხელისუფლების ჩამოშორების ამოცანა. მე არ მაინტერესებს, ვინ რას აკეთებდა წარსულში, მე მაინტერესებს, რას გავაკეთებთ ყველა ერთად მომავალში.

თანამშრომლობას რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს იდეები. პიროვნებების ირგვლივ არ ვიკრიბებით, ჩვენ ვიკრიბებით საქართველოს გამთლიანების, საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის გარშემო. ამ იდეაში მე ადამიანებს არ ვირჩევ, ადამიანები ირჩევენ იდეებს. სწორად დაინახეთ პროცესი, რუსებისა და პრორუსების გარდა, სხვა წყალგამყოფი ჩვენ არ გვაქვს. დავასახელე იდეა –  ევროპაში ინტეგრაცია, ხელისუფლების ჩამოშორების იდეა. ამ საქმეში ვინც დაგვეხმარება, ჩვენ არავის მოვუწყობთ წითელ ხაზებს. წითელ ხაზებს ვუწყობთ და ვუხაზავთ რუსებს, პრორუსულ ძალებს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.