პაატა მანჯგალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ კერძო აქციას თუ ჩაატარებს და არ იქნება კონსულტაციები პარტიებთან, ჩანგალზე ვერ მივალთ
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ 14 ოქტომბრისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე იმ შემთხვევაში მივა, თუ აქცია პარტიული არ იქნება.
„აქციებსა და მესამე პრეზიდენტის დაკავების საკითხზე ნათელი პოზიცია გვაქვს – აქციები გამოწვეულია საქართველოში არსებული უსამართლობით, პოლიტიკური დევნით და იმით, რომ სამართლიანი არჩევნები, სამართლიანი სასამართლო არ გვაქვს. როგორც ვიცი, აქციები არ არის პარტიული და თუ ის არ არის პარტიული, მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორც ერთი ადამიანი ვაპირებ, მივიდე ამ აქციაზე. როცა საკითხი ეხება პოლიტიკური დევნის შეჩერებას, სამართლიან არჩევნებს, ეს ვერ იქნება ერთპარტიული, აქ უნდა იყოს ყველა ადამიანი სოლიდარული. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ კერძო აქციას ჩაატარებს და არ იქნება კონსულტაციები პარტიებთან, ჩანგალზე ვერ მივალთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
როგორც მანჯგალაძე ამბობს, ყველა პატიმარი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პოლიტიკური მოტივით არის დაკავებული, ჩაითვლება პოლიტპატიმრად.
„რაც შეეხება სააკაშვილის პატიმრობის საკითხს, ის პატიმარია იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ცხრა წლის მანძილზე ვერ შეძლო სამართლიანი სასამართლოს შექმნა, რეფორმების განხორციელება, სამუშაო ადგილების შექმნა. ის, რომ დღეს უწევს სააკაშვილის და ყველა ოპონენტის მიმართ ანგარიშსწორება, არის მათი უსაქმურობის, უნიათობის და სიბრიყვის დამსახურება. ვინაიდან, ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, ყველა პატიმარი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პოლიტიკური მოტივით არის დაკავებული, ჩაითვლება პოლიტპატიმრად“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.