პაატა მანჯგალაძე - მომწონს, ტარიელი ქაჯეთის ციხიდან რომ გამოიხსნის ნესტან-დარეჯანს, მაგრამ ეს რეალობა რომ გავაცოცხლოთ 21-ე საუკუნეში, ნაკლებად წარმომიდგენია
გამიგია და ძალიან მომწონს, მაგალითად, ტარიელი ქაჯეთის ციხიდან რომ გამოიხსნის ნესტან-დარეჯანს, მაგრამ ეს რეალობა რომ გავაცოცხლოთ 21-ე საუკუნეში, ნაკლებად წარმომიდგენია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, 24 თებერვლის აქციის მონაწილეებს არანაირი რევოლუციური სცენარი არ აქვთ.
„ჩვენ ვართ 24 თებერვლის აქციის ორგანიზატორები და პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ არანაირი რევოლუციური სცენარი არ გვაქვს, ჩვენ გვინდა, მშვიდობიანად გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. გვინდა, ამ სოლიდარობით საქართველოს ჰქონდეს მშვიდობა და არა – ლავროვისა და პუტინის გადაწყვეტილებაზე დამყარებული მშვიდობა. არ ვიცი, რა იგულისხმება რევოლუციური სცენარის უკან. ხაბეიშვილის განცხადებაზე მას უნდა ჰკითხოთ, ამაში რას გულისხმობს. ალბათ იმას გულისხმობს, რომ იზოლაციაში მყოფ ადამიანს დამატებით კიდევ დამართეს კორონა. შეიძლება, ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ეს განცხადება ემოციურად გააკეთა. სხვა ახსნა არ ვიცი. გამიგია და ძალიან მომწონს, მაგალითად, ტარიელი ქაჯეთის ციხიდან რომ გამოიხსნის ნესტან-დარეჯანს, მაგრამ ეს რეალობა რომ გავაცოცხლოთ 21-ე საუკუნეში, ნაკლებად წარმომიდგენია. ლევანს ვიცნობ, პატივს ვცემ, აქტიურია, მაგრამ რევოლუციურ სცენარსა და ქაჯეთის ციხეზე არ გვისაუბრია. რომ შემომთავაზოს, ავთანდილი თუ ვიქნები? როგორც კი ლევანისგან ქაჯეთის ციხის აღებაზე შეთავაზება მექნება, პირველი თქვენ გეტყვით“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „არ ვაპირებ, დავიხიო რამეზე უკან და ჩვენ წინ არსებული ბარიკადი არ გადავლახო, თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოვიხსნით“.