პაატა მანჯგალაძე - მივმართავ კობახიძეს, ნუ გეშინიათ, ხელისუფლებიდან წასვლა არ ნიშნავს ცხოვრების დასასრულს
მოახლოებული 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ხელისუფლება იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ, მოსახლეობის დაშინების გარდა, ხალხისთვის არაფრის შეთავაზება არ შეუძლიათ, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, არჩევნებში მხოლოდ გაერთიანებით გაიმარჯვებენ.
„მოახლოებული 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ხელისუფლება იმდენად ცუდ მდგომარეობაშია და იმდენად დაბალი რეიტინგი აქვს, რომ, საკუთარი მოსახლეობის დათრგუნვის, დაშინების გარდა, არაფრის შეთავაზება შეუძლია ხალხისთვის. მესმის, საიდანაც მოდის მათი ქვეცნობიერი შიშები – 12 წელი ხალხის ძარცვის მეტი როცა არაფერი გიკეთებია და მიზანმიმართულად უბლოკავ ქვეყანას ევროკავშირის პერსპექტივას, ბუნებრივია, გაფიქრებს შენი მდგომარეობა, რომ ხელისუფლებაში როცა აღარ იქნები, ამის გამო ხალხი პასუხს მოგთხოვს. მივმართავ კობახიძეს, ნუ გეშინიათ, ხელისუფლებიდან წასვლა არ ნიშნავს ცხოვრების დასასრულს. ჩვენი მიზანი არ არის საქართველოს დაყოფა და დაპირისპირება, ჩვენი მიზანი არ არის, გაბრაზებული მოსახლეობას დავპირდეთ თქვენს დასჯას და განადგურებას. ჩვენ არ აგყვებით საქართველოს დაპირისპირებისა და ზიზღის რიტორიკაში. მხოლოდ ერთიანობით გავიმარჯვებთ. კი კეთილდღეობას, ევროპასთან ერთად. არა სიღარიბეს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად“, – განაცხადა მანჯგალაძემ.