პაატა მანჯგალაძე - მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, მაგრამ სულიერად მხნედ არის
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, სააკაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია და აღნიშნა, რომ სულიერად მხნედ არის.
„ერთი საათი ვისაუბრეთ მე და მიხეილ სააკაშვილმა, წვეთოვანი ედგა. ჩემი ვიზუალური დაკვირვებით, ექიმი არ ვარ, ადამიანი არის სუსტად და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, მაგრამ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, შინაგანად, სულიერად არის მხნედ. ძალიან დარწმუნებულია და სჯერა უკრაინის გამარჯვების, ასევე სჯერა, რომ ქართველი ხალხი მიაღწევს ევროპაში ინტეგრაციის პროცესს.
რაც შეეხება გადაყვანას, როგორც პირადი ექიმები, ადვოკატები გვეუბნებიან, იმ დიაგნოზით გამომდინარე, რომელიც მას აქვს დასმული, საქართველოში შესაბამისი, ადეკვატური სამედიცინო სერვისის სრულფასოვნად მიწოდება არის შეუძლებელი. სწორედ ამიტომ არის დაყენებული საკითხი, გადაიყვანონ უცხოეთში. რა თქმა უნდა, მე როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, ამ ინიციატივას მხარს ვუჭერ, რადგან 21-ე საუკუნეში არ შეიძლება, მესამე პრეზიდენტი საპატიმროში ან თუნდაც საავადმყოფოში გარდაიცვალოს იმის გამო, რომ ადეკვატურ სამედიცინო სერვისს ვერ ვუწევთ. პოლიტიკურ თემებზე არ გვისაუბრია, ევროპაში ინტეგრაციასა და უკრაინის საკითხებზე ისაუბრა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.