პაატა მანჯგალაძე - მცდარია „ქართული ოცნების“ ყველა განცხადება, რითიც წინა ხელისუფლებას ომის დაწყებაში ადანაშაულებს, მედვედევის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთს მიზეზი არ სჭირდება
მცდარია „ქართული ოცნების“ ყველა განცხადება, რომლითაც წინა ხელისუფლებას ომის დაწყებასთან დაკავშირებით ადანაშაულებს. მედვედევის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთს მიზეზი არ სჭირდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძეს კითხვა დაუსვეს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებაზე, სადაც მედვედევი ამბობს: „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია. ის შეიძლება, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზი იარსებებს“.
პაატა მანჯგალაძის თქმით, „რუსეთიდან თავდასხმის რისკი ყოველთვის იქნება, მაგრამ ამ რისკს დასავლეთი, ნატო და ევროკავშირი აზღვევენ“.
„რუსეთს არანაირი მეორე ფრინტის გახსნის რესურსი არ აქვს. იმ ტერიტორიებსაც ვერ იცავს, რომელიც თავის სუვერენულ ტერიტორიად აქვს გამოცხადებული და ზაპოროჟიეში წინ მიიწევენ უკრაინული ძალები. საქართველოში დღეს ომი არ არის არა კუდის ქიცინის გამო, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, არამედ იმის გამო, რომ რუსული ჯარი, რომელიც საბჭოთა კავშირის აღდგენას აპირებდა, დაიმსხვრა უკრაინასთან, კიევთან, ბუჩასთან, ანუ უკრაინელებმა შეაჩერეს პუტინის ოცნება იმპერიის აღდგენაზე და არა ღარიბაშვილის, კობახიძის კუდის ქიცინმა. ნებისმიერი მთავრობა განასახიერებს ერის სულს. ღარიბაშვილს რომ უსმენთ, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანს განასახიერებს თუ კლასიკურ მონას? რა თქმა უნდა, კლასიკურ მონას.
მედვედევის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთს არ სჭირდება მიზეზი და საბაბი. შესაბამისად, მცდარია „ქართული ოცნების“ ყველა განცხადება, წინა ხელისუფლებას ომის დაწყებასთან დაკავშირებით რომ ადანაშაულებს. რუსეთს მიზეზი არ სჭირდება. რუსეთისთვის მთავარი საფრთხეა ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო. ამიტომ ვიდრე არსებობს ქართული სახელმწიფო, ყოველთვის იქნება თავდასხმის რისკი, ოღონდ ამ რისკს აზღვევენ დასავლეთი, ნატო და ევროკავშირი, ისევე როგორც დღეს დაცულია მილიონნახევრიანი ესტონეთი, რომელსაც რუსეთი საზღვარზე ჩიტს ვერ აუფრენს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.